შაში
შაში ერთ-ერთი უძველესი სამაგიდო თამაშია. მას მთელი მსოფლიო იცნობს. ბერძნული მითის მიხედვით, შაში გამოიგონა ბერძენმა ღმერთმა ჰერმესმა. მან მთვარის ღმერთს შესთავაზა, მასთან ეთამაშა და თუ მოუგებდა, მისთვის ხუთი დღე ეჩუქებინა. ჰერმესმა გაიმარჯვა, მთვარის ღმერთმა 5 დღე მისცა. ჰერმესმა ეს დღეები წელიწადის დღეებს მიუმატა. ადრე 360 დღე იყო წელიწადში. ჰერმესის მოგების შემდეგ კი 365-მდე გაიზარდა.
ბერძნული მითოლოგია შაშის გამოგონების შესახებ სხვა ამბავსაც იცნობს. სხვა ვერსიით, შაში გამოიგონა ბერძენმა გმირმა პალამედმა. პალამედი ტროას ომში მონაწილეობდა. ომი ათ წელიწადს გაგრძელდა. პალამედმა ომში ცოტა მოიწყინა და გასართობად შაშის თამაში მოიგონა.
ყველა მითის მიხედვით, შაში საბერძნეთში გამოიგონეს. თამაში ევროპაში ძალიან სწრაფად გავრცელდა. ნელ-ნელა განვითარდა და თამაშის წესებიც შეიცვალა. თანამედროვე შაში საფრანგეთში ჩამოყალიბდა. ევროპაში შაშს დამა უწოდეს და დღესაც ამ სახელით მოიხსენიებენ. შაშის დაფა ჭადრაკის დაფას ჰგავს. მის ზედაპირზ უჯრებია დახაზული. უჯრებიდან ერთი მუქია, მეორე - შედარებით ღია. შაშის ფიგურები მრგვალია, თეთრი და შავი ფერის. თამაშს ის იწყებს, ვისაც თეთრი ფერის ფიგურები ჰყავს. თამაშის მიზანია მოწინააღმდეგის ყველა ფიგურა მოკვლა.
ჭადრაკის მსგავსად, შაში დიდ ყურადღებასა და ფიქრს მოითხოვს. მოთამაშემ უნდა მოძებნოს გზა, რითაც მოწინააღმდეგისაგან თავს დაიცავს. მან ისე უნდა გადააადგილოს ფიგურები, რომ მოწინააღმდეგის ფიგურა მოკლას. შაში მთელ მსოფლიოში საუკეთესო ოჯახურ თამაშად ითვლება.