ფოსტის ისტორია

 

საქართველოში ფოსტა დიდი ხანია არსებობს. ადრე ცნობების სწრაფად გადაცემა „შიკრიკებისა“ და „მალემსრბოლების“ საშუალებით ხდებოდა. მათზე ბევრს წერდნენ „ქართლის ცხოვრებაში“.

\"\"

XIX საუკუნის ბოლოს დიდი მეცნიერი იოანე ბატონიშვილი ფიქრობდა, რომ ფოსტის სადგურების აშენება სასარგებლო იქნებოდა ხალხისათვის. ფოსტის სადგურები შემოსავალს მოუტანდა ქვეყანას. ვაჭრობის განვითარება ფოსტის გარეშე შეუძლებელი იყო. იოანე ბატონიშვილი ამბობდა, რომ ფოსტის განყოფილებები საქართველოში სამ ადგილას მაინც უნდა ყოფილიყო: შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და კახეთში...

\"\"

 

საქართველოში პირველად წერილები და ამანათები ურმით გადაჰქონდათ, სანკტ-პეტერბურგში, კავშირგაბმულობის ცენტრალურ მუზეუმში გამოფენილია ქართული ურემიც. ურემში შებმული ხარები მძიმედ ეწევიან ფოსტის დიდ ყუთს. ურემს წინ ორი ქართველი მიუძღვის. ქართულ ფოსტის ურემზე უცხოეთის გაზეთებშიც წერდნენ: 1900 წელს გერმანულიდან რუსულ ენაზე თარგმნილ წიგნში - „ტექნიკა და მრეწველობა“ აღწერილია ბერლინის საფოსტო მუზეუმის ზოგიერთი საოცარი ნივთი. აქ ქართულ ურემზეც წერია: „განსაკუთრებით საინტერესოა ორთვლიანი ქართული ურმით ფოსტის გადაზიდვის სურათები“. როგორც ჩანს, ქართულმა ურემმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა მსოფლიო ფოსტის განვითარების ისტორიაში.

\"\" ქართულ ფოსტის ურემზე ამერიკაშიც წერდნენ: 1893 წელს ქალაქ ჩიკაგოში გამოფენილი იყო ქართული საფოსტო ურმის მოდელი და კავკასიონის თოვლიან ქედზე ფოსტის გადატანის ნახატი. საქართველოში საფოსტო კავშირის განვითარება შეუძლებელი იყო კავკასიონზე საფოსტო მიმოსვლის გაუმჯობესების გარეშე, რადგან ევროპიდან წერილები და ამანათები რუსეთიდან კავკასიის გავლით შემოდიოდა.