ფრინველები და მათი ნაშიერები
არწივი ფრინველია. ის არის ფრინველთა მეფე. არწივის შვილს მართვე ჰქვია. არწივი ყველაზე დიდი და ძლიერი ფრინველია. იგი იმდენად დიდია, რომ ცხოველების შეჭმაც შეუძლია. არწივი კურდღელს და ციყვს მიირთმევს. იგი დიდ ბუდეებს აკეთებს და თავის მართვეებთან ერთად ცხოვრობს. ფრენისას, იმისათვის, რომ არწივმა შეინარჩუნოს წონასწორობა, ის ერთი ფრთიდან იცლის იმდენ ბუმბულს, რამდენიც გასცვივდა მეორე ფრთაზე...
1
ყვავიც ფრინველია. ყვავი ძალიან დიდხანს ცოცხლობს. ყვავის შვილს ბახალას ეძახიან. ყვავი აშენებს ბუდეს ნარჩენებისგან და ცხოვრობს ბახალებთან ერთად. ყვავი ჭკვიანი ფრინველია. იგი საკვებად იყენებს კაკალს. ყვავი მანქანებს უყრის კაკალს, რომ კაკალი დაიმტვრეს და დამტვრეულ კაკალს გემრიელად შეექცევა თავის ბახალებთან ერთად. ყვავი სხვადასხვა ხმაზე საუბრობს. ყვავი თავის ბახალებთან წვრილი და თბილი ხმით საუბრობს, უცხოებთან კი ჩხავის და დიდ ხმას გამოსცემს.
2
ბუც ფრინველია. ბუს შვილს ღლაპი ჰქვია. ბუ თავის ღლაპებთან ერთად ფუღუროში ცხოვრობს. ბუც ჭკვიან ფრინველად ითვლება, სინამდვილეში კი ბუ არც ისე ჭკვიანია - ბუზე უფრო ჭკვიანი ფრინველებიც არსებობენ. ბუ ღამის ფრინველია. მას ღამე უჩუმრად ფრენა შეუძლია. ბუს ძალიან დიდი თვალები აქვს. დიდი თვალებით ღამე კარგად ხედავს. საკუთარი თვალებით ის საჭმელს ეძებს. თვალები კი ისეთი აქვს, გეგონება, ბუ ფიქრობსო. ამიტომ მიაჩნიათ ადამიანებს ბუ ჭკვიანი. ბუს სიჭკვიანე ბერძნული მითებიდან მოდის. ძველ საბერძნეთში ბუ სიბრძნის ქალღმერთ ათენას ახლდა მუდმივად. ამიტომაც ფიქრობს ხალხი, რომ ბუ ჭკვიანი და ბრძენია.
3
მერცხალიც ფრინველია. მერცხლის შვილს ბარტყი ჰქვია. მერცხალი და მისი ბარტყები ბუდეში ცხოვრობენ. მერცხლები ბუდეს ადამიანებთან ახლოს, ადამიანების სახლებში აკეთებენ. მერცხლები ბუდეს ხეებზეც აკეთებენ. მერცხლები თავიანთ ბარტყებს კვებავენ. მერცხლები თავიანთ ბარტყებს ჰაერში ფრენის დროსაც კვებავენ. სიცივეში მერცხლები თბილ ქვეყნებში მიფრინავენ. გაზაფხულზე, როგორც კი თბება, ისინი თბილი ქვეყნებიდან ბრუნდებიან. ამიტომ მერცხლის გამოჩენა გაზაფხულის დადგომას ნიშნავს ხალხისთვის. მერცხალს გაზაფხული და, შესაბამისად, სითბო და სიხარული მოაქვს. ამიტომ მერცხალი ხალხისთვის სიკეთის, გამარჯვებისა და წარმატების მომტანი ფრინველია.
მტრედი ფრინველია. მტრედის შვილს ხუნდი ჰქვია. მტრედი და მისი ხუნდიც ბუდეში ცხოვრობენ. ცნობილია მტრედის დაახლოებით 150 ჯიში, რომლებიც 3 ჯგუფად იყოფა: საფოსტო მტრედები, დეკორატიული მტრედები და მეხორცული მტრედები...
4
საფოსტო მტრედებს ადგილების დამახსოვრების კარგი უნარი აქვთ. საფოსტო მტრედებს ძველად სპეციალურად წვრთნიდნენ და გამოიყენებდნენ წერილების გასაგზავნად ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში, ერთი სახელმწიფოდან მეორე სახელმწიფოში. წერილების დასარიგებლად მტრედს უძველესი ეპოქიდან გამოიყენებდნენ. მათ შორის, მათი გამოყენება ხდებოდა როგორც სპორტული თამაშების დროს, ასევე ომის პერიოდში. დღესდღეობით საფოსტო მტრედი წერილების დასაგზავნად აღარ გამოიყენება. მიუხედავად ამისა, მტრედის თვისებებს დღესაც იყენებს ადამიანი. მაგალითად, მიუვალი დასახლებიდან ქალაქში სისხლის სინჯების გადასატანად. აგრეთვე საფოსტო მტრედებს იყენებენ ზღვაში ჩაძირული ნავის ან დაკარგული ადამიანის მოსაძებნად. საფოსტო მტრედს დღესაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია ადამიანების ცხოვრებაში.
დეკორატიული მტრედი ძალიან ლამაზი ფრინველია. ის თავისი გარეგნობით, ბუმბულითა და ლამაზი ფრენით გამოირჩევა.
მეხორცული მტრედი დიდი იზრდება და მას საკვებად გამოიყენებენ. მეხორცული მტრედი, ამასთანავე, კარგად მრავლდება. მეხორცულ მტრედს შეუძლია 14 ხუნდის გამოჩეკა.
5
ფარშავანგიც ფრინველია. ფარშავანგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფრინველია მსოფლიოში. ფარშავანგის შვილს ნამლევი ჰქვია. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ინდური ფარშავანგია. ფარშავანგი ინდოეთის სიმბოლოა. მას ძალიან ლამაზი, ფერადი გრძელი კუდი აქვს. ფარშავანგის კუდი მის ტანზე დიდია. მისი კუდი 1,5 მეტრზე მეტია. ფარშავანგის კუდი 100-150 ფერადი ღეროსგან შედგება. მისი კუდი მარაოსავით იშლება და ულამაზესი სანახავია. ბევრ ოჯახში ფარშავანგი მოიშინაურეს მისი სილამაზის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ფარშავანგი ფრინველია, მას არ უყვარს ფრენა. ფარშავანგი დროის უდიდეს ნაწილს მიწაზე ატარებს. საკვები და ბუდეც მიწაზე აქვს. ჰაერში უფრო იშვიათად ფრენს, რადგან სუსტი მფრინავია.
6
ფარშავანგი 20 წელი ცხოვრობს. ის მწერებით და ქვეწარმავლებით იკვებება.