საახალწლო მისალოცი
ახალი წელი მოდის. თოკო, თაკო და პაკო სკოლაში არიან. ზამთრის არდადეგები იწყება. ანა მასწავლებელმა შესთავაზა მოსწავლეებს, მისალოცი ბარათი დაეწერათ მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის. პაკომ გადაწყვიტა, წერილი ბარსელონას ფეხბურთელისთვის _ ლეო მესისთვის მიეწერა:
ლეო, როგორ ხარ? გილოცავ დამდეგ ახალ წელს. გისურვებ ულევ სიხარულს, ბედნიერებას და წარმატებას. გისურვებ დამდეგ წელსაც მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელი გამხდარიყავი, ისევე, როგორც ამ და შარშანდელ წელს გახდი. ამასთანავე, გისურვებ ბომბარდირთა ბრძოლაში დაამარცხო კრიშტიანუ რონალდო და ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი დაისაკუთრო. გისურვებ ყველა სურვილის ასრულებას!
პაკო
თაკომ ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა, თავისი მისალოცი ბარათი გოგონების მომღერალთა ჯგუფ `ქენდისთვის” გაეგზავნა:
ჩემო ძვირფასებო,
გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს. 2011 წელი წარმატებული იყო თითოეული თქვენგანისთვის. ამ წელს ხომ საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულები გახდით და ასე გაგვახარეთ თითოეული ჩვენგანი. უფრო დიდ წარმატებებს გისურვებთ 2012 წელს და გისურვებთ ყველა თქვენი ოცნების ასრულებას, არაერთ კონკურსში გამარჯვებას და საქართველოს გახარებას.
თქვენი ერთგული მსმენელი,
თაკო
თოკომაც ბევრი იფიქრა, ვისთვის მიეწერა მისალოცი ბარათი. ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ვისთვისაც უნდოდა ბარათის გაგზავნა, ამიტომ ბოლოს გადაწყვიტა, თავისი საყვარელი ფილმის პერსონაჟისთვის - `სპაიდერმენისთვის~ მიელოცა ახალი წელი:
ჩემო მეგობარო,
გილოცავ დამდეგ ახალ წელს. გისურვებ ულევ სიხარულს, სიყვარულს და წარმატებებს. ვისურვებდი, რომ 2012 წელს ასევე უამრავ ადამიანს დახმარებოდი და შენი კეთილი საქმეების კეთება გაგეგრძელებინა. გისურვებ გაძლიერებას და ბოროტი ადამიანების დამარცხებას.
თოკო
ანა მასწავლებელს ძალიან მოეწონა თოკოს, თაკოს და პაკოს მისალოცი ბარათები და მოსწავლეებს დაჰპირდა, რომ ბარათებს აუცილებლად გააგზავნიდა ადრესატებთან.