გამოგონებები


დღეს თოკოს, თაკოს და პაკოს ბევრი სამუშაო აქვთ. მათ უამრავი ინფორმაცია უნდა მოიძიონ და დაამუშაონ. ანა მასწავლებელმა ბავშვებს დაავალა, თითო გამოგონების შესახებ მოემზადებინათ ინფორმაცია. ბავშვებმა მომზადებული ინფორმაცია მთელ კლასს უნდა წარუდგინონ.

-თაკო შენ რაზე აპირებ დაწერას? - ეკითხება პაკო მეგობარს.

-არ ვიცი, ჯერ უნდა მოვიძიო ბევრი ინფორმაცია. ყველაზე საინტერესო რაც იქნება, იმაზე დავწერ, - პასუხობს თაკო.

-მე მობილური ტელეფონის გამოგონებაზე უნდა დავწერო, - ამბობს თავმომწონედ თოკო.

-მეც ჯერ არ ვიცი, უნდა ვიფიქრო და, იმედია, რამეს მოვახერხებ“- წუწუნებს პაკო.

თოკომ გადაწყვიტა, მობილური ტელეფონის გამოგონებაზე დაეწერა:

მობილური ტელეფონი

პირველი მობილური ტელეფონის მოდელის შექმნას 15 წელი დასჭირდა. 1973 წელს მოტოროლას ინჟინერმა მარტინ კუპერმა გააკეთა პირველი ზარი მობილური ტელეფონით ნიუ-იორკში. მობილური ტელეფონი 25 სანტიმეტრი სიგრძის და 5 სანტიმეტრი სიგანისა იყო. იგი 1 კილოგრამამდე იწონიდა. პირველი ტელეფონი გასაყიდად მხოლოდ ათი წლის შემდეგ გამოვიდა. ის ძალიან ძვირი ღირდა. ხალხი რიგში იდგა და წლობით ელოდებოდა მობილური ტელეფონის შეძენას.

თაკომ უფრო მეტი იწვალა. მან მოიძია ინფორმაცია რადიოს, უთოს, ტელეფონის, სარეცხი მანქანის, ტელევიზორისა და კომპიუტერის შექმნის შესახებ. საბოლოოდ გადაწყვიტა, რადიოს შესახებ დაეწერა ტექსტი.

 

რადიო

ერთი წყაროს მონაცემებით, რადიოტალღები პირველად ჰერცმა გამოიგონა. მეორე წყაროს ცნობით კი - ლოჯმა და მიურჰედმა. მათი გამოგონება დახვეწა რუსმა მეცნიერმა პოპოვმა. რადიო პირველად ამუშავდა ინგლისში. იტალიელმა მარკონიმ პირველი რადიო 1898 წელს გამოუშვა და ის უელსის პრინცს აჩუქა. თორმეტი წელი ხორციელდებოდა ამ რადიოს დახვეწა და პირველად სახალხოდ 1910 წელს წარადგინეს. სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, ვინ გამოიგონა რადიო: რუსები ამტკიცებენ, რომ პოპოვმა გამოიგონა; ინგლისელები ამტკიცებენ, რომ ლოჯმა და მიურჰედმა გამოიგონეს. იტალიელები ამტკიცებენ, რომ მარკონიმ გამოიგონა... ერთი რამ ცხადია: ყველა ამ ადამიანმა გარკვეული წვლილი შეიტანა რადიოს შექმნაში.

პაკომ ტელესკოპის შესახებ დაწერა გადაწყვიტა. ტელესკოპის გამოგონებაზეც ბევრი განსხვავებული ინფორმაცია ამოიკითხა:

ტელესკოპი

თქვენ ფიქრობთ, ტელესკოპი გალილეო გალილეიმ გამოიგონა? არა, მეც ასე მეგონა, ჩვენი სკოლის სახელმძღვანელოშიც ასე ეწერა... სინამდვილეში, ტელესკოპი ჰანს ლიპერშეიმ 1608 წელს გამოიგონა. ის ჰოლანდიელი იყო. ტელესკოპი ჰოლანდიაში გამოიგონეს. გალილეო გალილეიმ პირველმა დაიწყო მისი სამეცნიერო გამოყენება. გალილეო გალილეიმ დიდი წვლილი შეიტანა ტელესკოპის გაუმჯობესებასა და დახვეწაში. ამიტომ უკავშირებენ ხშირად მის სახელს ტელესკოპის გამოგონებას.

თოკომ, პაკომ და თაკომ მეორე დღეს კლასში წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები. სხვა მოსწავლეებმაც წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები. მასწავლებელი ძალიან კმაყოფილი დარჩა მოსწავლეების ნამუშევრებით. მან ყველა მოსწავლეს მადლობა გადაუხადა ნამუშევრებისთვის.