სოკოზე ტყეში


დილით ძალიან ადრე გაიღვიძეს თოკომ და თაკომ. დღეს ხომ სოკოზე უნდა წაიყვანოს ბებომ. სოკოზე არასოდეს ყოფილან. ძალიან აინტერესებთ ტყეში სოკოზე წასვლა. თან ბებომ იქვე ტყეში კი არა დიდ ტყეში უნდა წაიყვანოს. `ზემოთა ტყე” _ ასე ეძახიან დიდ ტყეს. `ზემოთა ტყე” სოფლიდან შორს არის. ამბობენ, იქ დათვებიც არიანო. ამბობენ კი არა, სანადიროდ წასული მონადირეები დატორა გასულ წელს. დატორავდა, აბა რას იზამდა, მოკვლას უპირებდნენ, დაუჭრიათ და გაბრაზებულ დათვს კიდევ კარგად გადაურჩნენ. ისე კი, დათვი ადამიანს ერიდება. შეიძლება ახლოს ჩაუარო და ვერც შეამჩნიო. არ ერჩის ადამიანს, თუ არ გააბრაზეს.

“ზემოთა ტყეში” წასვლა ადვილი არ არის. ბავშვები მარტო ვერ დადიან. ამიტომ ბაბუმ და მეზობლის ბიჭმა აუსრულეს თოკოს და თაკოს ბებოს დანაპირები. თვითონ ბებო მარტო ვერ წაიყვანდა ტყეში, ამიტომ ბაბუს გადააბარა ეს საქმე. ტყეში განა ფეხით წავიდნენ. ცხენებზე შესვეს ბავშვები. ჩაალაგეს საგზალი და შეუდგნენ აღმართს.B

ცხენებმა საკმაოდ დიდი მანძილი გაიარეს. გადაიარეს მინდორი და ძალიან დიდი მთა. ულამაზესი სივრცეა. ბაბუ უყვება ბავშვებს, რომ ადრე აქ მოსახლეობას ყანები ჰქონდა, შეშას აგროვებდნენ, საქონელს აძოვებდნენ, ფუტკრების სკებიც აქ ჰქონდათ. ახლა კი დაცარიელდა სოფელი და მიტოვებულია აქაურობა. დათვი უფრო ხშირად დადის ამ ადგილებში ვიდრე ადამიანი.

ძალიან მოსწონთ თოკოს და თაკოს არემარე. წუთით ვერ წყვეტენ თვალს ლამაზ ბუნებას. ამასობაში დაიღალნენ კიდეც. ძალიან, ძალიან დიდი მანძილი გაიარეს. როგორც იქნა, მიაღწიეს `ზემოთა ტყეს”...

ტყეში მართლაც გასაოცარი იყო. უამრავი ულამაზესი ხე და მართლაც უამრავი სოკო. ზოგიერთ სოკო შხამიანია, ამიტომ, მოწყვეტამდე ბაბუს ჩაეკითხებოდნენ ხოლმე. ცოტა ხანში თვითონვე ისწავლეს კარგი და შხამიანი სოკოს გარჩევა. ბავშვები აღტაცებულები კრეფდნენ სოკოებს და ათავსებდნენ თავიანთ ჭურჭელში. უფრო მეტს დაკრეფდნენ, ჭურჭელი არ ეყოთ.

Dდაიღალნენ თოკო და თაკო, მოშივდათ ძალიან. ბაბუმ სუფრა გაშალა, სახლიდან წამოღებული საგზლით. სოკოც გაასუფთავეს წყაროზე და პატარა კოცონზე შეწვეს. გემრიელად ისადილეს...

საოცარი დღე იყო, ძალიან საინტერესო, ულამაზესი იყო ირგვლივ ყველაფერი. გოლიათი მთები, მთის გულზე ჩამომავალი ლამაზი ჩანჩქერები, ულამაზესი ტყე და ბევრი სოკო. მართლაც დასამახსოვრებელი დღე იყო. ძალიან დაიღალნენ, მაგრამ ღირდა ეს დაღლა, ნამდვილად ღირდა.. დაღლილებს მალე ჩაეძინათ, ხვალ სკოლაში მიდიან, ახალ სკოლაში, ხვალ პირველი დღეა...