სკოლის ასამბლეაზე


პაკოს სკოლაში სკოლის ასამბლეა ორ თვეში ერთხელ ტარდება. ასამბლეისთვის აირჩევა რაიმე საკითხი. სკოლის დირექტორი, მასწავლებელი, მშობელი, მოწვეული სტუმარი ან თვითონ მოსწავლე წაიკითხავს საინტერესო ამბავს ამ საკითხის შესახებ. ინფორმაციის მიღების შემდეგ იწყება მოსწავლეების დისკუსია, კამათი, მსჯელობა საკითხის გარშემო. ასამბლეაზე აგრეთვე ხშირად აღნიშნავენ ამა თუ იმ მოსწავლის განსაკუთრებულ წარმატებას. ასამბლეაზე ხდება ზოგიერთი მოსწავლის დაჯილდოებაც, რომლებიც გამორჩეულები იყვნენ ასამბლეებს შორის პერიოდში.

დღესაც პაკოს სკოლაში ასამბლეაა. ასამბლეაზე პირველი, მეორე, მესამე და მეოთხეკლასელები იკრიბებიან. ასამბლეაზე დღეს ანა მასწავლებელმა უნდა მოუთხროს ამბავი მოსწავლეებს. ანა მასწავლებელმა საინტერესო ისტორია შეურჩია მოსწავლეებს:

`დიდი ხნის წინ ერთი გორაკის წვერზე ცხოვრობდნენ მწვანე ადამიანები. მწვანე ადამიანები ცხოვრობდნენ მწვანე სახლებში. ატარებდნენ მწვანე მანქანას, ეცვათ მწვანე ტანსაცმელი. მწვანე ადამიანებს სჯეროდათ, რომ მწვანე ყველაზე კარგი ფერი იყო. მათ სიმღერაც კი დაწერეს: `მწვანე არის კარგი, ლურჯი არის ცუდი, მწვანე არის მხიარული, ლურჯი არის მოწყენილი.~

იმავე გორაკის ძირში ცხოვრობდნენ ლურჯი ადამიანები. ლურჯი ადამიანები ცხოვრობდნენ ლურჯ სახლებში, ატარებდნენ ლურჯ მანქანას, ეცვათ ლურჯი ტანსაცმელი. Mლურჯ ადამიანებს სჯეროდათ, რომ ლურჯი ყველაზე კარგი ფერი იყო. მათ სიმღერაც კი დაწერეს: `ლურჯი არის კარგი, მწვანე არის ცუდი, ლურჯი არის მხიარული, მწვანე არის მოწყენილი”.

ერთ დღეს ერთ-ერთ მწვანე გოგონას ბურთი დაუგორდა და ლურჯების სახლებთან ახლოს ბუჩქებში შეგორდა. მწვანე გოგონა გაიქცა ბურთის ამოსატანად. ამ დროს გოგონას ბუჩქებთან ლურჯი ბიჭი დახვდა. ბიჭი მიეპარა და გოგონას ლურჯი წვენი გადაასხა. მწვანე გოგონას მწვანე ტანსაცმელი ნახევრად ლურჯი გახდა. გაბრაზებული და ატირებული გოგონა უკან გაბრუნდა. თან თავისთვის იმეორებდა: `მწვანე არის კარგი, ლურჯი არის ცუდი, მწვანე არის მხიარული, ლურჯი არის მოწყენილი”...

მეორე დღეს გოგონა ისევ ჩავიდა გორაკის ძირში ბურთის მოსაძებნად. ბუჩქთან, სადაც ბურთი ეგდო, ისევ ლურჯი ბიჭი დაინახა. ბიჭი ბურთის ამოღებას ცდილობდა. ამ დროს წაქცეულიყო და ეკლებში გადაჩეხილიყო. მწვანე გოგონამ გადასწია ეკლიანი ბუჩქები, ხელი გაუწოდა ბიჭს და ეკლებიდან გამოიყვანა. მწვანე გოგოსაც და ლურჯ ბიჭსაც ეკლებზე ხელები დაესერათ. მოულოდნელად, ორივემ შეამჩნია, რომ წითელი სისხლი მოსდიოდათ. გოგონამ ჯიბიდან ამოიღო მწვანე ნაჭერი და ბიჭს ხელი შეუხვია. ბიჭმაც თავის ლურჯი ნაჭრით შეუხვია გოგოს ხელი...

სახლში მისულებს მშობლებმა ორივეს უსაყვედურეს. მათ არ მოეწონათ განსხვავებული ფერის სახვევები ბავშვების ხელზე, უფრო მეტიც, მშობლები ძალიან გაბრაზდნენ.

მეორე დღეს ლურჯი ბიჭი ავიდა გორაკზე მწვანე გოგოს მოსაძებნად. ყველა მწვანე სახლში მოძებნა გოგო. მწვანე სახლის მაცხოვრებლები აგრესიულად ხვდებოდნენ ლურჯ ბიჭს. ბოლოს მიაგნო მწვანე გოგონას სახლს. მწვანე გოგონას, ისევ ნახევრად ლურჯი კაბა ეცვა, ლურჯი სახვევიც ისევ ხელზე ეკეთა. იმ დღის შემდეგ მწვანე გოგონა და ლურჯი ბიჭი მეგობრები გახდნენ.

როცა მწვანე გოგონა და ლურჯი ბიჭი გაიზარდნენ, დაქორწინდნენ კიდეც. მალე შვილებიც შეეძინათ. მწვანე გოგონა და ლურჯი ბიჭი თავიანთ შვილებს სხვა სიმღერას ასწავლიდნენ: `მწვანეც კარგია, ლურჯიც კარგია, ყვითელიც კარგია, წითელიც კარგია, ყავისფერიც კარგია, იასამნისფერიც კარგია, ფორთოხლისფერიც კარგია...“ …...

ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ ასამბლეაზე ბავშვებმა ბევრი იმსჯელეს: თანასწორობაზე, მრავალფეროვნებაზე, სიყვარულზე...