ეზოში

კვირაა. თაკო და თოკო სახლში არიან. საღამოს სტუმრად მიდიან. დღეს სალომეს დაბადების დღეა. სალო თაკოს და თოკოს თანაკლასელია. სალომემ კლასელები დაბადების დღის ცენტრში დაპატიჟა. პაკო კი არ არის სახლში. პაკოს ბიძაშვილს ოპერაცია გაუკეთეს გუშინ. პაკოს დედ-მამა ნათესავის სანახავად წავიდნენ. პაკოსაც მოუნდა ბიძაშვილის ნახვა.

- საღამოს ჩამოვალ, სალომესთან ერთად წავიდეთ! – ეუბნება პაკო და-ძმას.

- დაგელოდებით! – პასუხობს თაკო.

- ნუ დამელოდებით! შეიძლება დამაგვიანდეს. პირდაპირ მოვალ ცენტრშიპასუხობს პაკო.

თაკო და თოკო მოუთმენლად ელიან საღამოს დადგომას.

- ეზოში ჩადით, ბავშვები თამაშობენ. მთელი დღე საათს ხომ არ უყურებთ?! – ეუბნება დედა ბავშვებს.

თაკოს და თოკოს იდეა მოეწონათ. ბავშვები ეზოში ჩავიდნენ.

ეზოში სპორტული მოედანია. მოედანზე ბავშვები ხელბურთს თამაშობენ. თაკო და თოკო მოედანზე შევიდნენ.

- თაკო-თოკო მოვიდნენ! – ყვირის გიო. სირბილისგან სახე სულ გაწითლებია.

- ითამაშებთ? – ეკითხება თაკოს ნინო. მასაც სახე აქვს გაწითლებული.

- კი, კი, ჩვენც გვინდა! – პასუხობს და-ძმა.

თაკო და თოკო უცებ განაწილდნენ გუნდებში. თამაში გახურდა.

- 16:18! – ყვირის თაკო, - ვიგებთ!

- ესეც 17:18, – ყვირის თოკო, - ჯერ არაფერსაც არ იგებთ!

დრო სწრაფად გავიდა. თაკოს და თოკოს სირბილისგან სახეები დაუწითლდათ.

- ბავშვებო, ამოსვლის დროა! – ეძახის დედა ტყუპებს, - სალომესთან დაგაგვიანდებათ.

თაკოს და თოკოს წასვლა აღარ უნდათ. ახლა ეზოში თამაში ურჩევნიათ.