კერძების ფესტივალი


 

- თოკო, თაკო, გაიღვიძეთ, სკოლაში გაგვიანდებათ, უკვე 8 საათია!

- ძალიან გვეძინება, მამიკო, ცოტას კიდევ ვიძინებთ...

- ცოტას რომ იძინებთ, სკოლაშიც დაგაგვიანდებათ და თქვენ მიერ გამზადებული ბურიტოც სახლში დაგრჩებათ! - ბავშვების გაღვიძებაში ერთვება ვიკაც.

- უი, ავდგეთ, ავდგეთ, თოკო, ჩქარა, არ დაგვაგვიანდეს სკოლაში, დღეს ხომ „კერძების ფესტივალი“ იწყება სკოლაში! წავიღოთ ჩვენი გაკეთებული მექსიკური ბურიტო...

- ახლავე ვდგები, მაგ ბურიტოს რომ ვაკეთებდი, იმიტომ დავიძინე გვიან და ვეღარ ვიღვიძებ. იმედია, მოეწონებათ ბავშვებს ჩემი და თაკოს ნახელავი...

 

დღეს კერძების ფესტივალი იწყება თოკოს, პაკოს და თაკოს სკოლაში. მოსწავლეებმა აირჩიეს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო და იმ ქვეყნის გამორჩეული კერძების წარმოდგენა დაევალათ. თოკოს და თაკოს მექსიკური სამზარეულოს კერძების მომზადება და წარმოდგენა დაევალათ, პაკოს - იტალიურის. ფესტივალზე წარმოდგენილია სხვა უამრავი ქვეყნის სამზარეულოც ჩინური, აფრიკული, რუსული, ქართული.

თოკომ და თაკომ საკმაოდ დიდი და გრძელი ბურიტო გააკეთეს. „ყველა ჩვენ კლასელს უნდა გავასინჯოთ, ამიტომ დიდი ბურიტო უნდა გამოვიდეს“-აიჩემეს ბავშვებმა და მართლაც იმხელა გამოვიდა მთელ კლასს ეყოფოდა. მშობლებიც დაეხმარნენ თოკოს და თაკოს. დიდი ბურიტო დიდ ჭრაჭინა ქაღალდში გადაახვიეს, ტაკომ ხელში დაიჭირა და სკოლისაკენ გასწიეს ბავშვებმა...

 

თოკოს, თაკოს და პაკოს სკოლაში ახალი წესები შემოიღეს. სკოლაში მანდატური მუშაობს. იცით, მანდატური ვინ არის და რას აკეთებს? მანდატური წესრიგს იცავს სკოლაში, მანდატურის ფუნქციაა, სკოლაში ყველა მოსწავლემ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. ამიტომ განსაკუთრებით მობილიზებულები მანდატურები დილით არიან. ყველა მოსწავლეს აკვირდებიან, რომ სკოლაში რაიმე საეჭვო არ შეიტანონ.

სკოლაში მისულ თოკოს და თაკოს წინ მოულოდნელად მანდატური გადაეღობა:

-გამარჯობა, ეს რა გიჭირავთ? - შეეკითხა მანდატური ბავშვებს.

-ბურიტო! - ერთხამად უპასუხეს თოკომ და თაკომ.

-ბურიტოა თუ კალაშნიკოვი, არ ვიცი, ამას ვერ შეგატანინებთ, აქ დატოვეთ, უნდა შევამოწმო და მშობლებს გავატან უკან! - უფრო გამკაცრდა მანდატურის ხმა.

-რატომ არ შეგვატანინებთ, მასწავლებელმა დაგვავალა! - არ შეეპუა მანდატურს თაკო.

-გავარკვევ მაგ საკითხს! მასწავლებელმა ვის, რა და რატომ დაავალა სკოლაში ასეთი ნივთების შეტანა?! ახლავე ოქმს გავაფორმებ და ამ ბურიტოს დავიტოვებ!

 

თოკომ და თაკომ ყურები ჩამოყარეს. აღტაცება გაუქრათ ბავშვებს. საბედნიეროდ, სწორედ ამ დროს მათი მასწავლებელი გამოჩნდა.

-დღევანდელი პროექტისთვის ბურიტო მოვიტანეთ და მანდატურმა ჩამოგვართვა, მექსიკური კერძის პრეზენტაცია გვინდოდა კერძების ფესტივალზე, მაგრამ... შესჩივლეს ბავშვებმა მასწავლებელს.

-რატომ ჩამოგართვათ? ახლავე გავარკვევ! - და მანდატურისკენ გაემართა თოკოს და თაკოს მასწავლებელი.

 

ცოტა ხანში მასწავლებელი დაბრუნდა ბურიტოთი ხელში:

-არ ინერვიულოთ, ბავშვებო, მანდატურს საეჭვო ნივთი ეგონა, ვერ მიხვდა, რომ პროექტისთვის ბურიტო მოგქონდათ, მისი მოვალეობა ხომ სკოლაში წესრიგის დაცვაა, ამიტომ ნუ გაამტყუნებთ, ავუხსენი თუ არა, მაშინვე დამიბრუნა თქვენი ბურიტო და თან ოქმის გაფორმების გარეშე... - სიცილით უთხრა მასწავლებელმა თოკოს და თაკოს და თავიანთი ბურიტო დაუბრუნა.

-სკოლაში წესრიგის დაცვაა მისი მოვალეობაა და არა კერძების ფესტივალის ჩაშლა! - არ ისვენებდა გაბრაზებული თაკო...

 

მალე კერძების ფესტივალიც გაიხსნა. თოკო და თაკო ყველას აცნობდნენ და ასინჯებდნენ თავიანთ ნახელავს.

-ეს ბურიტოა, მექსიკური კერძი. მისი მომზადება არც ისე რთულია, მის მოსამზადებლად საჭიროა მხოლოდ საქონლის ხორცი, ლობიო, ხახვი, ნიორი, წიწაკა, მარილი, თხელი მექსიკური პური (ტორტილა)... - არ აჩერებდა ენას აღტაცებული თოკო.

- სინამდვილეში, ზოგი მექსიკელი ამბობს, რომ ბურიტო მთლად მექსიკური არ არის, - თოკოს ლაპარაკში ჩაერთო პაკო, - მექსიკელებმა კი გააკეთეხ, მაგრამ ის პოპულარული უფრო ჩრდილოეთ მექსიკაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ მექსიკაში არ თვლიან ტრადიციულ კერძად.

- მართალი ხარ, პაკო! - დაეთანხმა თაკო მეგობარს, - ბურიტო მართლაც ჩრდილოეთ მექსიკური კერძია, იცი მისი შექმნისა და სახელის დარქმევის ისტორია?

- არა, ეგ არ ვიცი, რაიმე საინტერესოა? - დაინტერესდა პაკო

- კი, საინტერესოა... მოკლედ, ბურიტოზე ბევრი ლეგენდა და ისტორია არსებობს, ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ბურიტო პირველად გააკეთეს მექსიკის ერთ-ერთ შტატში, ჩიჰუაჰუაში, მექსიკის რევოლუციის დროს. ერთ კაცს სწრაფი კვების მცირე ბიზნესი ჰქონდა. ამ კაცს საჭმელები რომ არ გაციებოდა, ამ საჭმელს ახვევდა თხელ მექსიკურ პურში, ტორტილას, რომ ეძახიან და ხელსაწმენდში. ასე გახვეული კერძი მალე პოპულარული გახდა მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით ტეხასის შტატში. რადგან კერძი პოპულარული გახდა, ამ ბიზნემენმა გადაწყვიტა, პატარა ვირი შეეძინა, კერძი ამერიკაში გადაეტანა და იქ გაეყიდა. სახელიც აქედან დაერქვა, ესპანურად პატარა ვირს „ბურო“ ეწოდება, ბურიტო კი ვირის მოფერებითი სახელია ესპანურად.

- მართლა ძალიან საინტერესოა, ნამდვილად არ ვიცოდი ამდენი რამ ბურიტოს შესახებ. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მექსიკელები თავიანთ ტრადიცულ კერძად უფრო სხვა კერძებს მიიჩნევდნენ... რამდენი რამე გავიგე კერძების ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნის შესახებ! რაც მეტი იქნება ასეთი დღეები, მით უკეთესი! ასეთ დროს უფრო მეტს ვსწავლობ და მეტს ვიგებ, თან სახალისო და საინტერესოა, სულ არ არის მოსაბერზებელი ზოგიერთი გაკვეთილივით! - კმაყოფილი იყო დღევანდელი დღით პაკო...

თოკომ და თაკომ თავიანთი კერძი ყველა მეგობარს გაასინჯეს. ყველა აღტაცებული დარჩა ბავშვების ნახელავით. უფრო დიდი ბურიტო რომ გაეკეთებინათ, ისიც არ ეყოფოდათ, ბავშვებს ისე მოეწონათ... თაკომ კერძის მცირე ნაწილი თავიდანვე ცალკე გადაინახა. გასვლისას კი მანდატურს მიართვა:

-ინებეთ, ეს ჩვენი კერძია, მოგეწონებათ! - უთხრა თოკომ მანდატურს.

მანდატურმა გამოართვა ბურიტო ბავშვებს, გასინჯა, აშკარად მოეწონა და მორცხვად გაუღიმა...