ფეფომ ჩიკო გადაარჩინა


 

თოკო და თაკო სკოლაში ისეთი დატვირთულები არიან, ჩიკო და ფეფო სულ გადაავიწყდათ. ვეღარ თამაშობენ საღამოობით ჩიკოსთან და ფეფოსთან. სულ რაღაც აქვთ გასაკეთებელი, ან სადმე არიან წასასვლელები, ან გაკვეთილებია მოსამზადებელი, ან პროექტია შესასრულებელი, ან მეგობარი _ მოსანახულებელი, ან სტუმრები _ გასამასპინძლებელი. მოკლედ, მოიწყინეს ჩიკომ და ფეფომ, ერთმანეთს თუ ეთამაშებიან და გაართობენ...

-ფეფო, ძალიან დავიღალე, აღარ მინდა სულ გალიაში და სახლში ყოფნა. თოკო და თაკო ძალიან მიყვარს, ვიკა და ვაკოც კარგი ადამიანები არიან, მაგრამ...

-რა მაგრამ, ახლა რაღა მოიფიქრე?

-არაფერი, მაინც გარეთ ყოფნა და ცხოვრება მირჩევნია, მეც მინდა ვიფრინო ბევრი, ვითამაშო ჩიტებთან, სხვა ფრინველებთან და ცხოველებთან, აღარ მინდა სახლში, აღარ მინდა გალიაში, ხომ შეიძლება, მეც ბედნიერი ვიყო?!

-ახლა არ ხარ ბედნიერი? მე მგონი, ცოტა უმადური ხარ. ყველას უყვარხარ, თან გყვებიან, გემრიელად გაჭმევენ და გასმევენ, ბევრს გეთამაშებიან, გათამამებენ, ცივ ნიავს არ გაკარებენ, მაინც სხვა რამე გინდა, სადღაც გაფრენა, ტყეში

-ეჰ, ფეფო შენ მაგას ვერ გაიგებ, ალბათ არც უნდა გაიგო, შენ ვერ მიხვდები, რას ნიშნავს გარეთ თავისუფლად ფრენა, შენს ჭკუაზე ყოფნა... ამას ვერავინ აგიხსნის, ამას ვერ ისწავლი. ამას, უბრალოდ, უნდა გრძნობდე და ეს უნდა გიყვარდეს. შენ კი არასოდეს გიგრძვნია, შენთვის მთავარია უდარდელად და უზრუნველად ცხოვრება, სახლიდან სულაც არ გახვალ. სახლში ყოფნითაც ბედნიერი ხარ. ასე რომ, შენ მე ვერ გამოგებ;

-კარგი ახლა, ზედმეტი მოგდის, გამოვიდა თავისუფლების მოყვარული! თუ ასე გიყვარს თავისუფლად ფრენა, წადი და გაფრინდი, ვინ გაკავებს?! შენამდე შოკო ჰყავდათ სახლში, იმას მართლა უნდოდა გაფრენა, არ შეეძლო სახლში ყოფნა, ადგა და გაფრინდა, შენც შეგიძლია, გაფრინდე და ნახავ, რაც მოგივა! რომელიმე კატა გადაგეყრება და გადაგსანსლავს! რა გგონია, კატები არ ჭამენ თუთიყუშებს?! ჭამენ, ჭამენ და ძალიან გემრიელადაც მიირთმევენ... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათთან მეგობრობა არ შეუძლიათ. ამიტომ ვმეგობრობ მე შენთან. მაგრამ ყველა კატა ფეფო არ არის. ხოდა ყველა კატა რომ ფეფო არ არის, ამიტომ რომელიმე გემრიელად შეგახრამუნებს და დამთავრდება შენი თავისუფლებაც...

-ზედმეტი ახლა შენ მოგდის! კატების შიშით კი აღარავინ ცხოვრობს, აბა, აბა, ვეღარ გაუჭაჭანებიათ ჩიტებს და ფრინველებს, ერთიანად კატები დაერივნენ! არც არაფერი, დაფრინავენ ჩიტები თავისთვის და კატაც ვერაფერს აკლებს. კატის შიშით თავისუფლად ფრენაზე უარი ვთქვა? რა სისულელეა, აგერ მყავხარ კატა და არც თავისუფლება მაქვს! მე მგონი, უნდა წავიდე...

-როგორც ჩანს, ვერ გადაგარწმუნებ... მე ჩემი მითქვამს, დანარჩენი შენი იცი...

 

ფეფომ თავი დაანება ჩიკოს. იფიქრა, ცუდ ხასიათზეა, გადაუვლის და მერე ვეთამაშებიო. ადგა, მოერიდა ჩიკოს, სავარძლის ქვეშ მიწვა და თავი მოიმძინარა. სინამდვილეში, სულ ჩიკოს აკვირდებოდა. ეშინოდა, მართლა არ გაფრენილიყო. გალია ხომ სულ ღია იყო, ფანჯრიდან გაფრენაც არ გაუჭირდებოდა. `მართლა, რომ გაფრინდეს, რაღა მეშველება?“ - ფიქრობდა ფეფო.

ფეფო ამ ფიქრებში იყო გართული, როცა ჩიკო მოულოდნელად ფანჯრისკენ დაიძრა. გაძვრა ოდნავ გაღებულ ფანჯარაში და ბედნიერი ჰაერში გაუჩინარდა. შეშფოთებული ფეფო უკან დაედევნა ჩიკოს. თვითონაც არ იცის, როგორ მოახერხა იმ ვიჭროდ გაღებულ ფანჯარაში გაძრომა. სულ მალე თვალიც ვეღარ მოჰკრა ჩიკოს, ისე სწრაფად, ისე შორს გაფრენილიყო. „მაინც მივაგნებ, ტყეში წავიდოდა, იქ ბევრი ჩიტები არიან, იქ მოინდომებდა წასვლას, არავინ შეჭამოს, სანამ მივალ, უნდა ვიჩქარო!“. ფეფოც ტყისკენ დაიძრა.

ძალიან, ძალიან მალე მიირბინა ტყემდე ფეფომ. დარწმუნებულია, ჩიკო აქ არის. ამ ტყეში უამრავი ფრინველი ჭიკჭიკებს. „მართლა იგრძნობა აქ ამ ჩიტების ბედნიერება და თავისუფლება, მაგრამ ჩიკოს გაუჭირდება, თავისუფლებასაც შეჩვევა უნდა, თავისუფლად და მარტო ცხოვრებაც უნდა იცოდე და უნდა შეგეძლოს, არ შეიძლება ჩიკოს აქ დატოვება!“ - ფიქრობდა თავისთვის ფეფო და მეგობარს ეძებდა...

ფიქრებში გართულ ფეფოს კატების გნიასი მოესმა. „ეს კატებიც თავისუფლები არიან, ალბათ, მე კი დამწყვდეული, ესენი ბედნიერები, მე კი წესით _ უბედური? რა ვიცი, რა ვიცი, ალბათ მართალია ჩიკო, ეს უნდა იგრძნო, ისე ვერ გაიგებ, მართლა ვერ გავიგე, რატომ შეიძლება იყვნენ ეს დამშეული კატები ჩემზე ბედნიერები“... საკუთარ თავთან ლაპარაკში კატებს წამოადგა, კატები ერთმანეთში ჩხუბობდნენ, აშკარად რაღაც ვერ გაეყოთ. ფეფო მაშინათვე მიხვდა რა ხდებოდა: „ალბათ ჩიკო დაიჭირეს... ხომ ვამბობდი, თავისუფლება ყველასთვის არ არის! უნდა გამოვიხსნა ჩიკო!“ . ფეფო უცებ აიფხორა, თითქოს ვეფხვს დაემსგავსა, საშინლად დაიჩხავლა და კატების ბრბოსკენ გაექანა. შეშინებული კატები მიმოიფანტნენ და მიატოვეს ჩიკო. ფეფო მიახლოვდა მეგობარს, თათით მოეფერა და გაუღიმა...

- ჩიკო, წავიდეთ სახლში, თოკო და თაკო გველოდებიან, სახლში რომ ვერ გვნახავენ, ინერვიულებენ...

- დიდი მადლობა, ფეფო, შენ მე გადამარჩინე, შენ რომ არა, კატების ლუკმად ვიქცეოდი. როგორ შეიძლება, კატები ასე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. შენც კატა ხარ და ჩემი მეგობარი, ისინიც კატები არიან და ჩემი და თუთიყუშების მტრები არიან. შენ კატა ხარ და სიცოცხლე მაჩუქე, ისინიც კატები არიან და სიცოცხლის წართმევა უნდოდათ, რა საოცარია ეს ყველაფერი!

- არ არის საოცარი, ჩიკო, საოცარი ის იქნებოდა, რომ ყველა კატა ან ყველა თუთიყუში ერთნაირი იყოს, ყველანი განსხვავებულები ვართ და, ალბათ, ეს კარგია...

- მართალი ხარ, ყველანი განსხვავებულები ვართ, მეც განსხვავებული ვარ, ალბათ, სხვა ჩიტებისგან. როგორც ჩანს, თავისუფლად ფრენისთვის არ ვყოფილვარ გაჩენილი!