თარჩია
თარჩია უძველესი ქართული თამაშია. თამაშში მონაწილეობს ცხენზე ამხედრებული ოთხი ადამიანი. თამაშის წესების მიხედვით, მაყურებლებისაგან ირჩევენ გოგონას, რომელმაც ოთხიდან ერთ-ერთ მხედარს თავსაფარი უნდა შემოახვიოს ხელზე. გოგონა მსაჯის როლს ასრულებს. თავსაფარშემოხვეულ მხედარს „თარჩიას“ უწოდებენ, დანარჩენი სამი მხედარი კი მისი მდევარია. თარჩია მიაჭენებს ცხენს, მდევრები ცდილობენ დაეწიონ და თავსაფარი წაართვან. თარჩია გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ ის გოგონამდე მიაღწევს და თავსაფარს დაუბრუნებს. მაგრამ თუ თავსაფარს წაართმევენ, ვინც წაართმევს, ის ხდება თარჩია.ამ თამაშს ადრე სამეგრელოსა და აფხაზეთში თამაშობდნენ. თარჩია ძველი მეგრული სიტყვაა და დროშას ნიშნავს, თეთრ დროშას. რადგან თამაშის დროს მოთამაშეები თეთრ თავსაფარს იყენებდნენ, ამიტომ დაარქვეს მეგრელებმა თარჩია - თეთრი დროშა...
თარჩია ძალიან ჰგავს შუა საუკუნეების ევროპელი რაინდების თამაშს. მათ თამაშშიც ერთ რომელიმე რაინდს ლამაზი ქალბატონი თავის თავსაფარს ან ხელთათმანს აწოდებს და შეჯიბრების ბოლოს ელოდება მის დაბრუნებას. თარჩიას მსგავსად, ევროპულ თამაშშიც ის არის გამარჯვებული, ვინც მოახერხებს ქალბატონთან მისვლას და თავსაფრის ან ხელთათმანის დაბრუნებას.
ასეთი თამაშები სახალისოა და ძალიან საინტერესო სანახავია. თამაშისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვაჟკაცებმა თავი მოაწონონ ლამაზ ქალბატონს, ვინც მას თავისი თავსაფარი მისცა. თარჩია ყველასათვის საყვარელი თამაში იყო, მის საყურებლად სამეგრელოსა და აფხაზეთში უამრავი ხალხი ჩადიოდა. დღეს, ისევე, როგორც სხვა ბევრი ხალხური თამაში, თარჩიაც დაავიწყდა ხალხს...