შოკოლადი


 

შოკოლადი ყველასთვის საყვარელი ტკბილეულია. ის ინდიელთა ტომებმა, აცტეკებმა გამოიგონეს.

 

შოკოლადი კაკაოს მარცვლებისგან მზადდება. კაკაოს მარცვლებს კაკაოს ხიდან კრეფენ.

 

თავდაპირველად შოკოლადი სასმელად გამოიყენებოდა: კაკაოს მოხალულ მარცვლებს ინდიელები ფქვავდნენ და წყალს ურევდნენ, შემდეგ წითელ წიწაკას უმატებდნენ. ამ ნარევს ისინი ,,ღმერთების სასმელს“ ეძახდნენ.

 

 

მოგვიანებით დაიწყეს შოკოლადში შაქრის, ვანილის, თაფლისა და დარიჩინის შერევა.

 

შოკოლადის შესახებ ევროპაში პირველად ესპანელებმა შეიტყვეს. ესპანეთის სამეფო კარი ამ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავდა. ამ საიდუმლოს გაცემისათვის კი ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ.

 

შემდეგ შოკოლადი ფართოდ გავრცელდა. შოკოლადის უამრავი სახეობა გამოიგონეს: მწარე შოკოლადი, შავი შოკოლადი, ტკბილ-მწარე შოკოლადი, რძის შოკოლადი, თეთრი შოკოლადი...

დიდი ხნის განმავლობაში შოკოლადს მხოლოდ მდიდრები მიირთმევდნენ. ის საკმაოდ ძვირი ღირდა. მოგვიანებით, როცა კაკაო და შაქარი გაიაფდა, შოკოლადის ფასმაც დაიკლო. მისი ყიდვა ღარიბებმაც შეძლეს.

 

 

შოკოლადს მრავალი სასარგებლო თვისება აქვს: ის აუმჯობესებს განწყობას, ადამიანებს ენერგიით ავსებს. ძველად კი შოკოლადს ხველის, გაციებისა და ინფექციის საწინააღმდეგოდაც იღებდნენ.

 

საუკეთესო გემოსა და თვისებების გამო შოკოლადი დღესაც გამორჩეული სასუსნავია.