ლომისობა
ლომისობა ქართველი მთიელი ხალხის უძველესი დღესასწაულია. ქართული დღესასწაულები უცვლელი სახით უმეტესად მთის ხალხთანაა შემონახული. ლომისობას მთიელები დღემდე დიდი მორიდებითა და პატივისცემით აღნიშნავენ.
ლომისა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა, რომელიც მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სოფელ მლეთაში მდებარეობს. ლომისა ქრისტიანობამდელი ღმერთი იყო მთიულეთში. ლომა ხარის სახელია, „ლომისაც“ ამ სიტყვიდან მოდის. მოგვიანებით ლომისა მთვარის ღვთაებას დაუკავშირდა და ამას ის ფაქტებიც ადასტურებს, რომ მთიულეთში აღმოჩენილ ხარის გამოსახულებებს ხშირად ახალი მთვარის მოყვანილობაც აქვთ. ლეგენდის თანახმად, ლომისა მონადირე ღვთაება იყო, წითელ ცხენზე იჯდა და ხელში მათრახი ეჭირა. მისი მათრახის დაკვრით ბოროტებას ცეცხლი ეკიდებოდა და იწვოდა.
როდესაც მთის ხალხი გაქრისტიანდა, მათ ლომისას მთაზე, იქ სადაც მთვარის ღვთაების, ლომისას ტაძარი იყო, ააშენეს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. წმინდა გიორგი მთაში განსაკუთრებით უყვართ და პატივს სცემენ. მთის ხალხის გაქრისტიანება ადვილი არ ყოფილა. წმინდა გიორგის სასწაულებმა და მებრძოლმა ხასიათმა კი ძალიან მოხიბლა მამაცი მთიელები. შეიყვარა და ბევრი ტაძარი აუგო ამ წმინდანს. ლომისას წმინდა გიორგის ეკლესია მე-13 საუკუნეში ააშენეს და აქ დღემდე ზეიმობენ ლომისობის დღესასწაულს.
ლომისობა შერეული ხასიათის დღესასწაულია, მასში გაერთიანებულია ქრისტიანობის წინანდელი, წარმართული და ქრისტიანული ტრადიციები. ლომისობა მოძრავი დღესასწაულია, ისევე, როგორც აღდგომა. მას აღდომიდან მეშვიდე კვირას აღნიშნავენ. ამ დღეს მლეთაში ტაძრის მომლოცველები იკრიბებიან. ტრადიციის თანახმად, გამოდიან ხევისბერებიც, სოფლის უხუცესი ადამიანები. გამოაქვთ დროშა და ტრადიციული სიმღერით „ფერხისათი“ მიდიან მთისკენ.
წარმართობიდან შემორჩენილი ტრადიციაა ლომისობის დღესასწაულზე ცხოველების მსხვერპლად შეწირვა. ღმერთს ძირითადად ცხვარს სწირავენ, იშვიათად კი - ძროხას. ხალხს სწამს, რომ ღმერთი მათ მირთმეულ ცხოველს შეიწირავს, მათ გააძლიერებს და გაახარებს. ლომისას წმინდა გიორგის ევედრებიან შვილიანობას, ჯანმრთელობას და ოჯახის კეთილდღეობას. ლომისის ეკლესიაში ჰკიდია უზარმაზარი რკინის ჯაჭვი. ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული სავედრებელი აქვს ღმერთთან, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ლოცვით სამჯერ უვლის ეკლესიას.
ლომისობაზე მთისკენ უამრავი ადამიანი მიეშურება.
ადგილობრივებისთვის ეს ტრადიციული, წმინდა დღესასწაულია და იქ მისვლით წმინდა გიორგის პატივს მიაგებენ. სხვა მხრიდან მოსული ხალხისათვის კი ეს დღესასწაული საინტერესოა თავისი ტრადიციებით, სანახაობებით.
მომლოცველები ჯერ ეკლესიაში ადიან, სანთლებს ანთებენ, შემდეგ კი მოყვანილ ცხვრებს კლავენ და ხარშავენ. ცხვრის ხორცს თვითონაც მიირთმევენ და იქ მყოფებსაც ეპატიჟებიან.
ლომისობის დღესასწაულზე ყველაზე საინტერესო მთაზე ასვლის პროცესია. იქ ყველა ფეხით ადის. ტრანსპორტისათვის ლომისის ეკლესია მიუდგომელია. ფეხით სიარული კი 3-4 საათს გრძელდება. თუმცა, აქ მოსული სტუმრები უკმაყოფილოები არასოდეს მიდიან, მათ მთის ულამაზესი ბუნება და ძველებური ტრადიციები აოცებთ.