ლაშარობა


\"\"

ლაშარობა ფშავის მოსახლეობის მთავარი დღესასწაულია. დღესასწაულს აღნიშნავენ ლაშარის გორაზე, სადაც არის ეკლესია ლაშარის ჯვრით. ლაშარის ჯვრის ეკლესიის აშენებას ხალხი საქართველოს მეფეს, ლაშა-გიორგის უმადლის. თუმცა ლაშარის ჯვრის თაყვანისცემა უფრო ადრინდელი, წარმართული რიტუალი უნდა იყოს. ფშავლების ღრმა რწმენით, ლაშარის ჯვრის ხატი მოლაშქრე და მეომარი ხატია. იგი ომში ჯარს წინ უძღოდა ფრთიანი თეთრი ცხენით. ლაშარის ჯვრის წარმართულობაზე მიუთითებს აგრეთვე ცხოველების მსხვერპლად შეწირვის რიტუალი და მათი სისხლით განბანა. მთიელი ხალხის გაქრისტიანების შემდეგ ლაშარის წარმართული სალოცავი ხალხმა დაუკავშირა მეფე ლაშა-გიორგის და ამ სახით ის ქრისტიანულ სალოცავად აქცია.

 

\"\"

 

ლაშარობის დღესასწაულს აღნიშნავენ თიანეთში, ხევსურეთსა და ფშავში. ლაშარის გორისკენ მოდიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ამ დღესასწაულზე იმართება ტრადიციული რიტუალები, იკვლება ცხოველები, ეწყობა ცხენებით შეჯიბრი. ხალხი მხიარულობს, ქეიფობს, მღერის და ღვინოს სვამს.

 

\"\"

 

\"\"

ლაშარობის წინა ღამეს მომლოცველები ლაშარის გორაზე იკრიბებიან. ხატს ღამეს უთევენ. ლაშარობის ღამის ტრადიციული რიტუალია ჩაძინებული ადამიანებისათვის ნივთების მოპარვა და გადამალვა: ლაშარის ღამეს როგორ დაგეძინაო? აძებნინებენ დაკარგულ ნივთს და ბევრი წვალების შემდეგ ისევ უკან უბრუნებენ.

\"\"

 

ლაშარობის დღესასწაულზე ისმევა ღვინო, რომელსაც ფშავლები კულუხს ეძახიან. კულუხი ლაშარის ზვრების ღვინოა. ითვლება, რომ ლაშარის ჯვარი ძალიან მდიდარია. მას ბევრი შემოწირულობა აქვს; ძვირფასი ნივთები, ადგილ-მამულები, ზვრები კახეთში და ა.შ. ზვრების დასამუშავებლად ფშავლები ფულს კრებენ ხოლმე და არაჩვეულებრივი ღვინო მოჰყავთ.

ლაშარობის დღესასწაულებზე სწორედ ეს ღვინო, კულუხი ისმევა. ადრე ხალხი ამ ღვინოს ძვირფასი ვერცხლის თასებით მიირთმევდა. დღეს ხევისბერს ეს თასები დასალევად აღარ გამოაქვს, ხალხში რომ არ დაიკარგოს.

\"\"

 

ლაშარის ჯვრის დღესასწაულს 12 ივლისს აღნიშნავენ, იგი ერთი კვირა გრძელდება. უამრავი ხალხი მიემართება ლაშარის გორისაკენ და მიჰყავთ შესაწი-რავად საკლავი. საკ-ლავის დაკვლის უფლება მხოლოდ ხევისბერს აქვს. ხანდახან იმდენი საკლავია, რომ ხევისბერი ძალიან იღლება, ამ დროს მას მეორე ხევისბერი ეხმარება. საკლავის დაკვლის დროს, ხევისბერი ლოცავს იმ ოჯახს და გვარს, ვინც ხატს საკლავს სწირავს.

\"\"

ლაშარის ჯვრის სიძლიერესთან და ძალასთან დაკავშირებით არსებობს ერთი ლეგენდა. ლაშარის ჯვართან ახლოს ყოფილა ერთი მუხა. ამ მუხაზე ოქროს ჯაჭვი ეკიდა, რითაც ანგელოზები ცაში ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ. მუხა ლაშარის ჯვრის წმინდა ხედ ითვლებოდა. იგი იფარავდა ფშავლებს და ომებში ამარჯვებინებდა. ზურაბ არაგვის ერისთავი ძალიან გამწარდა, როცა ვერც ერთხელ ვერ დაამარცხა ფშავლები. ვერ გაეგო, რა ხდებოდა. როცა მუხის ამბავი შეიტყო, მისი მოჭრა გადაწყვიტა, თუმცა ვერ შეძლო. თითოეული მოჭრილი ნაფოტი მუხას უკან უბრუნდებოდა და ისევ მთელდებოდა. ამ დროს ფშავში მოღალატეები გამოჩნდნენ. აფციაურების გვარის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მუხის საიდუმლო ზურაბ ერისთავს გაანდო და ურჩია, რომ მოკლული კატის სისხლი მოეცხო მუხისთვის. კატას ფშავლები უწმინდურ ცხოველად თვლიდნენ. ზურაბ ერისთავმა მოაცხო მოკლული კატის სისხლი მუხას, ხე მოჭრა და ფშავლებიც იმის შემდეგ დაამარცხა. ფშავლებმა მოღალატე აფციაურები ფშავიდან გააძევეს, ისინი დღესაც თიანეთში ცხოვრობენ. აფციაურები მაინც ადიან ლაშარის ჯვრის მოსალოცად, თუმცა ახლოს მისვლა ეკრძალებათ, შორს უკლავენ საკლავს და \"\" ისევ უკან ბრუნდებიან.

 

ლაშარის ჯვრისადმი დიდი რწმენა და პატივისცემა დღესაც შენარჩუნებული აქვთ ფშავლებს. ყოველწლიურად მიაგებენ მას პატივს და ლაშარობის დიდ დღესასწაულს ზეიმობენ.