ასტრიდ ლინდგრენი


ასტრიდ ლინდგრენი

 

ასტრიდ ლინდგრენი ბავშვების საყვარელი მწერალია. იგი 1907 წლის 14 ნოემბერს დაიბადა, შვედეთში, პატარა ქალაქ ვიმერბიუში. ასტრიდის წიგნები 80 ენაზეა თარგმნილი. ამ წიგნებზე 40-მდე ფილმიც გადაიღეს...

ასტრიდს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, მშობლებს იგი ძალიან უყვარდათ. იგი ფერმერის ოჯახში ცხოვრობდა და მჭიდრო კავშირი ჰქონდა ბუნებასთან. ბავშვობიდან ისმენდა მამისგან მონაყოლ ზღაპრებს, ლეგენდებს, მითებს. ეს ყველაფერი კი მომავალში თავის წიგნებში ძალიან გამოადგა.

ასტრიდ ლინდგრენის ცნობილი ნაწარმოებებია: ,,პეპი გრძელი წინდა“, ,,ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“, ,,მიო, ჩემო მიო“, ,,ყაჩაღის ასული რონია“, ,,მაწანწალა რასმუსი“, ,,ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი“, ,,ბიულერბიუელი ბავშვები“, ,,კალე ბლუმკვისტი“ და სხვა...

საბავშვო წიგნების წერა ასტრიდმა სტოკჰოლმში დაიწყო. მაშინ მას უკვე ორი შვილი ჰყავდა – ლარსი და კარინი. ერთხელ მისი ქალიშვილი, კარინი, ფილტვების ანთებით ავად გახდა. დედა მას ძილის წინ ყოველთვის თავის მოგონილ ზღაპრებს უამბობდა ხოლმე. ერთხელაც კარინმა დედას სთხოვა, ზღაპარი მოეყოლა ვინმე პეპი გრძელ წინდაზე. ეს სახელი გოგონამ იმ წუთას მოიგონა. ასტრიდმა არაფერი იცოდა პეპის შესახებ, მაგრამ მაინც დაიწყო თხრობა ერთ ჟღალთმიან გოგონაზე... კარინს შეუყვარდა მისი ამბები. დედა მთელი წელი უყვებოდა პეპიზე... ერთხელაც ასტრიდი წაიქცა და ფეხი იტკინა. ლოგინში უქმად წოლას, არჩია, პეპიზე მოგონილი ამბები წიგნად გამოეცა. ასეც მოიქცა: პეპის ამბები თავისი ხელით წიგნად გააკეთა და კარინს დაბადების დღეზე აჩუქა. შემდეგ ხელნაწერი მან დასაბეჭდად გაგზავნა, მაგრამ არ დაუბეჭდეს და უკან დაუბრუნეს. სამაგიეროდ, ერთ–ერთ კონკურსზე მისმა ამბებმა პეპიზე ჯილდოც მიიღო და დაბეჭდვაზე თანხმობაც.

მალე ასტრიდი დარწმუნდა, რომ საბავშვო წიგნების წერა მისი მთავარი საქმიანობა იყო. იგი თანდათანობით ქმნიდა იმ საოცარ ამბებს, რომლებიც ბავშვებს ძალიან ახალისებთ. მალე დაიწყეს მისი ნაწარმოებების დადგმა თეატრებში, ასევე ფილმებად და სერიალებად გადაღება. წიგნების საშუალებით სიმდიდრის დაგროვებას ასტრიდ ლინდგრენი არ ცდილობდა. წიგნების გამოცემის შემდეგ წლების განმავლობაში ისევ უბრალო და მოკრძალებულ სახლში ცხოვრობდა. თუმცა უკვე მთელ მსოფლიოში პოპულარული იყო: ხშირად გამოდიოდა რადიოთი და ტელევიზიით, შვედი მოქალაქეები პატივს სცემდნენ და მისდამი დიდ სიყვარულს გამოხატავდნენ.

ასტრიდ ლინდგრენს ძალიან უყვარდა ცხოველები. იგი თავის ნაწერებში ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას მათდამი ცუდად მოპყრობის გამო. ლექციებსაც კითხულობდა ამ საკითხზე. 1988 წელს კი მისი აქტიურობით მიიღეს ახალი კანონი ცხოველთა დაცვაზე, რომელსაც ,,ლინდგრენის კანონი“ უწოდეს. ასტრიდი ყველა ცოცხალი არსებისადმი თანაგრძნობას და სიყვარულს მოითხოვდა.

1958 წელს ასტრიდმა მიიღო ჰანს კრისტიან ანდერსენის პრემია. ეს საბავშვო ლიტერატურაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიაა. შემდეგ ლევ ტოლსტოის სახელობის მედალი, სელმა ლაგერლოფის პრემია, შვედეთის სახელმწიფო პრემია ლიტერატურაში... 1985 წელს ასტრიდ ლინდგრენი შვედეთის ყველაზე პოპულარულ მწერლად დაასახელეს. მისი სახელი ვარსკვლავსაც კი დაარქვეს.

ასტრიდ ლინდგრენი 2002 წლის იანვარში გარდაიცვალა. მისი წიგნები მსოფლიოში დღემდე საუკეთესოდ ითვლება. ყველა პატარა, ვინც მათ კითხულობს, ხალისიანი და ბედნიერია. ამ წიგნებში ჩანს ავტორის მდიდარი ფანტაზია და ბავშვებისადმი სიყვარული.

სტოკჰოლმში არსებობს ასტრიდ ლინდგრენის მუზეუმი, ქალაქის შემოგარენში კი ასტრიდ ლინდგრენის პარკი. იქ ბავშვები კარლსონთან ერთად სახურავზე დარბიან, პეპი გრძელი წინდას ცხენზე სეირნობენ.

ლინდგრენის წიგნების გმირები ცოტა ზარმაცი, გაუგონარი, უცნაური ბავშვები ჩანან. მაგრამ ისინი ძალიან სამართლიანები, გამბედავები და კეთილები არიან. ამიტომ უყვარს ყველა ბავშვს და ხშირად ჰბაძავენ მათ.