პროფესიები


 

ადამიანებს სხვადასხვა პროფესია აქვთ. პროფესია არის ადამიანის საქმიანობა. ამ საქმიანობაში ადამიანები ფულს იღებენ. ადამიანები ცდილობენ, თავიანთ საქმიანობაში მიაღწიონ წარმატებას.

 

მასწავლებელი

მასწავლებელი სკოლაში მუშაობს. ის პატარა ბავშვებს წერას და კითხვას ასწავლის. დიდ ბავშვებს ისტორიას, ქიმიას, ბიოლოგიას და ა.შ.

 

ეს არის კადრი ფილმიდან „ანა და მეფე“. ეს ანაა. ანა ინგლისიდან სიამში ჩავიდა. ის სიამის მეფის შვილებს წერა-კითხვას ასწავლიდა. ანა მასწავლებელი იყო. ანას და მეფეს ერთმანეთი შეუყვარდათ.

 

ექიმი

ექიმი ადამიანებს მკურნალობს. ექიმთან ავადმყოფები მიდიან. ექიმი იგებს, რა სჭირს ავადმყოფს და უნიშნავს წამლებს.

ეს ავიცენაა. ავიცენა ბუხარელი ექიმი იყო. მასზე ბევრი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ავიცენამ უკვდავების წამალი გამოიგონა. მან წამალი 40 ჭურჭელში გადაანაწილა. ავიცენას მოსწავლეებიც ჰყავდა. მან ერთ-ერთ მოსწავლეს უკვდავების წამლის შესახებ უთხრა. როდესაც ავიცენა მოკვდებოდა, მოსწავლეს წამალი თანმიმდევრობით უნდა მიეცა მიცვალებულისთვის.

ავიცენა 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდის მიხედვით, მოსწავლემ მართლაც მიაღებინა მიცვალებულ ავიცენას წამლები. ავიცენას სხეული წამლების შედეგად უფრო და უფრო ახალგაზრდავდებოდა. მოსწავლემ მეორმოცე წამალი აიღო ხელში. მოსწავლემ ავიცენას ახალგაზრდა სხეული დაინახა და მღელვარების გამო წამალი ხელიდან გაუვარდა... სწორედ ამიტომ ავიცენა ვერ გაცოცხლდა!

ასეთია ლეგენდა ავიცენას სიკვდილზე.

 

მოსამართლე

მოსამართლე იურისტია. იურისტმა იცის კანონები. მოსამართლე სასამართლოში მუშაობს. მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ძველ საბერძნეთში მართლმსაჯულების და სამართლიანობის ქალღმერთს თემიდა ერქვა. თემიდას თვალები ახვეული აქვს და ხელში სასწორი უჭირავს.

 

არქიტექტორი

არქიტექტორი შენობების ესკიზს აკეთებს. ყველა შენობას ჰყავს თავისი არქიტექტორი. არქიტექტორი თვალს ადევნებს მშენებლობის პროცესს.

ამ შენობის პროექტი გიორგი ჩახავას ეკუთვნის. ეს შენობა თბილისშია. ადრე ის გზების სამინისტროს ეკუთვნოდა. დღეს საქართველოს ბანკია განთავსებული.

ეს შენობა აღიარებულია თანამედროვე ქართული არქიტექტურის შედევრად.

 

მზარეული

მზარეული ბარში, კაფეში ან რესტორანში მუშაობს. ის კერძებს ამზადებს. რესტორნის მთავარ მზარეულს შეფ-მზარეული ჰქვია.

 

ეს ვირთხა რემია ანიმაციური ფილმიდან „რატატული“.

რემი კერძების მომზადების განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოვებული. თავისი ნიჭით რემი ცნობილი ფრანგული რესტორნის შეფ-მზარეული გახდა.

 

მხატვარი

მხატვარი ნახატებს ხატავს. მხატვრის ნახატები გამოფენებზე იყიდება.

 

ამ ფოტოზე ნაჩვენებია მხატვრის სახატავი ნივთები. ფუნჯები, პალიტრა და ზეთის საღებავები.

ფუნჯებით ხატვა რთულია. ამიტომ ბავშვები ფერადი ფანქრებით ხატავენ ხოლმე.

 

ფოსტალიონი

ფოსტალიონს წერილები და ამანათები მიაქვს დანიშნულების ადგილზე.

წარსულში ფოსტალიონები ფეხით ან ცხენით გადაადგილდებოდნენ.

დღეს ფოსტალიონები მანქანით ან მოტოციკლით მოძრაობენ.

 

მძღოლი

მძღოლს ადამიანები მანქანით გადაჰყავს ერთი ადგილიდან მეორეზე.

თვითმფრინავის მძღოლს პილოტი ჰქვია.

ეს ცნობილი როკ ჯგუფის „პინკ ფლოიდის“ გიტარისტი დევიდ გილმორია. დევიდს საკუთარი ავიაციის მუზეუმი ჰქონდა, თუმცა, მოგვიანებით გაყიდა. დღეს მას პატარა თვითმფრინავი ჰყავს. როდესაც დევიდს სურს ცაში ფრენა, ის თვითმფრინავის საჭესთან ჯდება და პილოტია.

 

მეხანძრე

ტყეში ან შენობაში შეიძლება ცეცხლი გაჩნდეს. ადამიანები ტელეფონით სახანძროში რეკავენ. მეხანძრეები მალე მოდიან და ცეცხლს აქრობენ. მეხანძრეები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მეხანძრეებს დიდი მანქანა ჰყავთ. მანქანაში წყლის ავზია დამონტაჟებული. ავზი წყლით არის სავსე. ხანძარს მეხანძრეები წყლის ჭავლით აქრობენ.

მეხანძრეები ადამიანებს ცეცხლში დაწვისგან იცავენ. მეხანძრეობა ერთ-ერთი ყველაზე საშიში პროფესიაა. ბევრი მეხანძრე სამაშველო ოპერაციის დროს იღუპება.

 

მწერალი

მწერალი მოთხრობებს და რომანებს წერს. შემდეგ წიგნად გამოსცემს. წიგნები მაღაზიაში იყიდება.

ზოგ მწერალს ბევრი ნაწარმოები აქვს დაწერილი. ზოგსმხოლოდ ერთი.

მაგალითად, რობერტუზილი მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთ წიგნზე მუშაობდა. „უთვისებო კაცი“ - ასე ჰქვია მის ნაწარმოებს. რობერტ მიუზილმა მისი დასრულება ვერ მოასწრო...

ეს რუსი მწერლის ლევ ტოლსტოის სამუშაო მაგიდაა.

 

ლევ ტოლსტოიმ ბევრი სახელგანთქმული ნაწარმოები დაწერა. მისი მაგიდა დღეს სამუზეუმო ნივთია. ტოლსტოის მაგიდაზე მწერლის კუთვნილი ნივთები დევს.

 

მსახიობი

მსახიობი თეატრში ან ფილმში თამაშობს. თეატრში დადგმულ წარმოდგენას სპექტაკლი ჰქვია. მსახიობები სხვადასხვა გმირს თამაშობენ. გმირები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ხასიათით და თვისებებით.

უილიამ შექსპირი ინგლისელი დრამატურგი იყო. დრამატურგი წერს პიესებს თეატრისათვის. შექსპირი მსახიობიც იყო. ის ლონდონის თეატრში მონაწილეობდა სპექტაკლებში. შექსპირი მეთექვსმეტე საუკუნეში ცხოვრობდა.

დღევანდელ დღეს საუკეთესო მსახიობებისთვის ბევრი ჯილდო არსებობს. მათ შორის არის ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო „ოსკარი“.

 

ჯარისკაცი

ჯარისკაცი სამშობლოს იცავს.

ომის დროს ჯარისკაცი ომში იბრძვის.

ჯარიკაცები მკაცრი რეჟიმით ცხოვრობენ. ისინი მუდამ მზად არიან ბრძოლისთვის.

 

მომღერალი

მომღერალს სიმღერის ნიჭი აქვს. მომღერალი კონცერტებს ატარებს.

ეს ამერიკელი მომღერალი ბიონსეა. ბიონსე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალია. ის ატარებს კონცერტებს. ბიონსე ასევე მღერის კერძო წვეულებებზე.

ერთ-ერთ კერძო წვეულებაზე მას 1.5 მილიონი დოლარი გადაუხადეს.