მუხა


 

მუხის ხე

მუხა არის მარადმწვანე მცენარე, რომელიც საკმაოდ დიდი ზომის იზრდება. მუხას ძალიან უყვარს მზე და სითბო, თუმცა ის ზამთრის ყინვებსაც კარგად უძლებს. მუხა მაისსა და ივნისში ყვავილობს, ხოლო ნაყოფი სექტემბრისთვის მწიფდება. ითვლება, რომ მუხა ძალიან სასარგებლო ხეა. მისი მსხვილი ღერო დამუშავების შემდეგ ძალიან ძვირადღირებული და გამძლე სამშენებლო მასალაა. მუხის ხე მუქი ფერისაა და ამიტომ მას ხის დეკორატიული ნივთების დასამზადებლადაც იყენებენ. გარდა ამისა, მუხის ქერქს წარმატებით იყენებენ მედიცინაშიც, როგორც სამკურნალო საშუალებას.

რკო

ყველაზე ძალიან კი მუხა ერთ-ერთ შინაურ ცხოველს, ღორს უყვარს. მუხა ისხამს ნაყოფს, რომელსაც რკოს უწოდებენ და ღორებიც დიდი სიამოვნებით შეექცევიან მუხის ქვეშ ჩამოყრილ გემრიელ რკოს.

მუხის ძალიან ბევრი სახეობა არსებობს, ისინი მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული, მათ შორის - საქართველოშიც. ქვემოთ მოკლედ მოგიყვებით, სად ხარობს მუხა, საქართველოში მუხის რა სახეობები არსებობს და რომელია ცნობილი მუხის ხეები.

 

მუხის გავრცელება

მუხის 400-დან 600-მდე სახეობა არსებობს. ისინი სამყაროს სხვადასხვა ნაწილში ხარობენ. ყველაზე ხშირად მუხა გავრცელებულია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, მექსიკასა და კოლუმბიაში. მუხის სახეობებს ვხვდებით აგრეთვე კარიბის კუნძულებზეც. მათი რამდენიმე სახეობა გავრცელებულია ევრაზიაში, მათ შორის - საქართველოსა და ჩრდილოეთ აფრიკის კონტინენტზე.

ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ქართული მუხის ჯიშებია. ისინი, ძირითადად, მარადმწვანე მცენარეებია და ოთხ სახეობად იყოფა:

1. ჭალის მუხამუხებს შორის ყველაზე მაღალი ხეა და მისი რკოც გრძელი ყუნწით გამოირჩევა. მუხის ეს ჯიში მხოლოდ საქართველოში ხარობს და სხვაგან არსად მოიპოვება.

2.კოლხური მუხა - საშუალო სიმაღლის ხეა და სხვა მუხებისაგან იმით გამოირჩევა, რომ მისი ფოთოლი ზედა მხრიდან შედარებით ფართო და ბუსუსებიანია. კოლხური მუხა იშვიათი მცენარეა და წითელ წიგნშია შეტანილი.

3.იმერული მუხაც წითელ წიგნშია შეტანილი მისი მცირე რაოდენობის გამო, მისი ფოთლები უყუნწოა და სხვა მუხის ფოთლებთან შედარებით მუქია. იგი ხშირად ორ რკოს ისხამს ერთ ყუნწზე.

4.მაღალმთის ანუ აღმოსავლური მუხა- ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. იგი არც ისე მაღალია და გამოირჩევა ხშირი და სქელი ტოტებით. აღმოსავლური მუხა, სხვა ქართული მუხებისაგან განსხვავებით, 2-5 რკოს ერთად ისხამს და მისი რკოები განსაკუთრებით მსხვილია. მაღალი მთის მუხა აზიის უძველესი სახეობაა და დღეს ისიც გადაშენების პირასაა, რის გამოც წითელ წიგნში შეიტანეს.

 

ცნობილი მუხის ხეები

რობინ ჰუდის მუხა

ევროპის უძველესი მუხა- ევროპაში ყველაზე ასაკოვანი მუხის ხე ავსტრიის ქალაქ ბად-ბლუმაუში ხარობს და იგი 1200 წლისაა. მუხის ტანის გარშემოწერილობა 8,7 მეტრს აღწევს.

რობინ ჰუდის მუხა- ინგლისში, შერვუდის ტყეში ხარობს 800-1000 წლამდე ასაკის მუხა, რომელსაც მიიჩნევენ რობინ ჰუდის მუხად და ამბობენ, რომ ერთხელ, როცა მტერი თავს დაესხათ, რობინი და მისი მხლებლები ამ ხეში დაიმალნენ. ამის შემდეგ მუხა რობინ ჰუდის საყვარელ ხედ იქცა. ინგლისში კი დღესაც კარგად იცნობენ ამ ხეს.

ფოსტალიონი მუხა

ფოსტალიონი მუხა- გერმანიის ქალაქ ოიტინში (შლეზვიგ-ჰოლშტაინის მიწა) მდებარეობს ერთი მუხა, რომელსაც აქვს საკუთარი, ერთი შეხედვით უხილავი ფუღურო, რომელიც გონიერმა და შეყვარებულმა წყვილებმა წერილების ყუთად აქციეს. ეს მუხა დაახლოებით 500 წლისა და მის შესახებ არსებობს თქმულება, რომ იგი შეყვარებულების მესაიდუმლეა. თურმე, ერთ გერმანელ გოგონას და ბიჭს ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ გოგონას მამა მათი ერთად ყოფნის წინააღმდეგი იყო და შეხვედრებსაც უშლიდა. შეყვარებულებმა მოიფიქრეს მუხის პატარა, შეუმჩნეველ ნახვრეტში ერთმანეთისათვის წერილები დაეტოვებინათ. მათ აღმოაჩინეს,რომ მუხის ნახვრეტი არც ისე პატარა იყო, იგი ხის შიგნით საკმაოდ ფართოვდებოდა და დიდ ფუღუროდ იქცეოდა. მალე ეს ხე სიყვარულის ხედ იქცა და ბევრმა წყვილმა სწორედ მისი ტოტების ქვეშ გადაიხადა ქორწილი.

 

მოთხრობა მუხაზე

ევროპის უძველესი მუხა

როგორც ვნახეთ, მუხა ძალიან საინტერესო და ბევრისთვის საყვარელი მცენარეა. იგი ლიტერტურაში გამძლეობისა და სიძველის სიმბოლოა და ბევრი ლექსისა და მოთხრობის მთავარი გმირიცაა. ადრე, როცა პატარა ვიყავი, ერთი მოთხრობა წავიკითხე მუხაზე. ეს მოთხრობა რევაზ ინანიშვილმა დაწერა. მას კიდევ ბევრი საინტერესო საბავშვო მოთხრობა აქვს, მაგრამ მე ყველაზე მეტად ეს მომეწონა და მინდა თქვენც მოგიყვეთ, იქნებ თქვენც ჩემსავით მოგეწონოთ:

„ის მუხა ტყის პირას იდგა, უკვე დაბერებულიყო, ტოტებიც შეთხელებოდა, სიცხიან ამინდში დაჩრდილვაც აღარ შეეძლო და ვეღარც რკოს ისხამდა. ყველამ მიატოვა, ბებერი და უნაყოფო აღარავის სჭირდებოდა. ციყვებმაც კი დატოვეს მისი ფუღუროები... მუხაც იდგა დაღონებული, წლებით დაღლილი და მოწყენილი გაჰყურებდა ცას.

მუხის მეზობლად ლამაზი და ახალგაზრდა თელის ხე იდგა. ერთხელ აქ მონადირეები მოვიდნენ და თელის ჩრდილში დაისვენეს, საჭმელი ჭამეს და ღვინოც დალიეს. როცა კარგად შეთვრნენ, აყაყანდნენ: არა, მე გჯობივარ სროლაში და არა - მეო. მერე გადაწყვიტეს, თავი გამოეცადათ და სროლაში ერთმანეთს შეჯიბრებოდნენ. ჩვენი ნაცნობი მუხის ხე სამიზნედ ამოირჩიეს და სროლა დაიწყეს. საწყალ მუხას ყოველი ტყვიის მოხვედრა სულს უმწარებდა, სტკიოდა და ოხრავდა. ბოლოსდაბოლოს, მონადირეები წავიდნენ. წვიმა წამოვიდა, მუხის ჭრილობები მიწით ამოავსო და ცოტა ტკივილი შეუმსუბუქა. გავიდა თვეები, წლები. ერთ-ერთი მონადირე, შვილიშვილთან ერთად ისევ მოხვდა ამ ადგილას და მუხა იცნო. მუხის ნაჭრილობევში იები ამოსულიყო. მონადირის შვილიშვილმა, ლამაზმა, სიფრიფანა გოგონამ, იებთან ჩაიმუხლა, მუხას ხელები მოხვია და გახარებულმა გულში ჩაიხუტა. მონადირემ უყურა, უყურა და შერცხვა თავისი ადრინდელი საქციელის. ბოდიშის მოხდის ნიშნად მუხის წინაშე ქუდი მოიხადა.“

ეს მოთხრობა ასე დამთავრდა, მონადირე მიხვდა, რომ მუხაც ცოცხალი არსებაა და როცა მას სჭრიან, სხეული და სული სტკივა. ყველაზე ძალიან აქ ის მომეწონა, რომ მონადირე თავის დანაშაულს მიხვდა და ბოდიში მოუხადა მუხას. თქვენ რას იზამდით, მის ადგილას რომ ყოფილიყავით?