ქვევრი
შესავალი
თუკი სოფელში შემოდგომაზე, ყურძნის დაკრეფის დროს მოხვდებით, ნახავთ თიხის ჭურჭელს, რომელშიც ქართველი მეღვინეები ღვინოს ინახავენ. ქვევრები განსაკუთრებით ბევრი კახეთში აქვთ. კახეთი საქართველოს კუთხეა და აქ ძალიან ბევრი და გემრიელი ყურძენი მოდის. ყურძნის წვენის შესანახად სწორედ ქვევრს იყენებენ კახელები და მას თვითონვე აკეთებენ ხოლმე.
ქვევრები
ქართველ კაცს ძალიან უყვარს და აფასებს ქვევრის ღვინოს, ქვევრს კი უფრთხილდება და უვლის.
როგორ კეთდება ქვევრი?
ქვევრი თიხისგან მზადდება. თიხა მიწაა, მაგრამ ჩვეულებრივი მიწისგან განსხვავებით, იგი უფრო შეკრულია და იზილება ისე, რომ შეგიძლია მას ნებისმიერი ფორმა მისცე. სწორედ ასე ამზადებენ ქვევრსაც. თუ ცუდი ხარისხის თიხაა, ქვევრი კარგი არ გამოვა და დასკდება. ამიტომ კახეთში კარგ თიხას არჩევენ და ქვევრსაც დიდი მონდომებით ამზადებენ.
თიხას ჯერ მოზელა და გასუფთავება უნდა: წვრილი ქვიშა არ უნდა შეჰყვეს. ადრე მას ხელით ზელდნენ, ახლა მოტორის დახმარებით ზელენ. მოზელილი მასისგან ხელით გამოჰყავთ ქვევრის ფორმა და სპეციალურ დაზგაზე ასწორებენ. ქვევრი კვერცხის ფორმის უნდა იყოს, ბოლო წაწვეტებული და დახურული უნდა ჰქონდეს, თავი კი - მრგვალი და ღია, რომ კარგად გაასუფთაონ და მერე ღვინო ჩაასხან. ფორმის გამოყვანის შემდეგ ქვევრს სპეციალურ ცხელ ღუმელში დგამენ და ტემპერატურას ნელ-ნელა უმატებენ. მისი დამზადება ძალიან რთულია და რამდენიმე დღე გრძელდება.
ქვევრის დამზადება
ქვევრი მხოლოდ საქართველოში კეთდება. მასში დაყენებული ღვინო განსაკუთრებულად გემრიელი და არომატულია. ქვევრის ღვინო უცხოეთშიც ძალიან მოსწონთ და საქართველოდან გასაყიდად გააქვთ.
როგორ ფიქრობთ, რატომ არის ქვევრის ღვინო უფრო გემრიელი ვიდრე კასრის ღვინო? მეღვინეები ამბობენ, რომ თიხას გააჩნია უნარი, „ისუნთქოს“ და ღვინოს შეუძლია მასში განვითარდეს. გაფუჭებით კი არასოდეს გაფუჭდება, რაც შეიძლება ყოველთვის მოხდეს კასრის ღვინის შემთხვევაში. თურმე ქვევრში ღვინო წლებიც კი ძლებს. ამბობენ, ადრე თავადებს შვილი რომ
შეეძინებოდათ, მაშინ დაწურულ ყურძენს ქვევრში ასხამდნენ და მხოლოდ მაშინ ხსნიდნენ ამ ქვევრს, როცა ეს ბავშვი გაიზრდებოდა და დაქორწინდებოდა. აი, თურმე ასე დიდხანს შეუძლია ქვევრს, ღვინო უცვლელად შეინახოს.
ალბათ ისიც გაინტერესებთ, რატომ არ სკდება ქვევრი და არ გამოდის ღვინო. სანამ ქვევრს მიწაში ჩადგამენ, მას ცვილს უსვამენ შიგნიდან. ასე პაწაწინა ხვრელებს ავსებენ, ამის შემდეგ ღვინო ქვევრიდან ვეღარ გამოვა.
ბოლოსიტყვაობა
ქვევრის გამზადება ძალიან საინტერესო და სახალისოა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამაში მონაწილეობის მიღება. თქვენც შეგიძლიათ მოზელილი თიხისგან პატარა ქვევრი გამოძერწოთ და მისი დამზადება სცადოთ.