ნობელის პრემია და ნობელიანტები
შესავალი
ჩვენ ხშირად გვესმის ტელევიზორში და ვკითხულობთ გაზეთებსა და ჟურნალებში ადამიანების შესახებ, რომლებიც ნობელის პრემიის მფლობელები არიან. ამ ადამიანებს ნობელიანტებს უწოდებენ. რა გააკეთეს ამ ადამიანებმა განსაკუთრებული? რატომ არის ეს პრემია ძალიან მნიშვნელოვანი? ვინ იყო ნობელი? რატომ დააწესა მან პრემია? ამ კითხვებზე პასუხი ყველას არ გვაქვს. მოდით, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ:
ნობელის ოჯახი
ალფრედ ნობელი შვედი ინჟინერი, ქიმიკოსი და გამომგონებელი იყო. იგი 1833 წელს დაიბადა ცნობილი მეწარმის ოჯახში. ნობელის მშობლები დიდი ყურადღებით ზრდიდნენ შვილს და მის აღზრდასა და განათლებაზე თანაბრად ზრუნავდნენ.
ალფრედ ნობელის მამა თავად იყო ინჟინერი. მან წყალქვეშა ნაღმები გამოიგონა. იგი პოპულარული ადამიანი იყო სტოკჰოლმში და შეძლებულადაც ცხოვრობდა. ნობელის დედა 4 ვაჟის აღზრდით იყო დაკავებული. შვილების აღზრდას იგი დიდ ყურადღებას უთმობდა.
ნობელის საქმიანობა
ალფრედ ნობელმა დიდი წვლილი შეიტანა მეცნიერებაში. იგი მრავალი სამეცნიერო კვლევის ავტორი და 355 პატენტის მფლობელი იყო. მიუხედავად ამხელა დამსახურებისა, ალფრედ ნობელი ცნობილია, როგორც დინამიტის გამომგონებელი. დინამიტის გამოგონებით და წარმოებით ნობელი ძალიან გამდიდრდა, მაგრამ მისი საქმიანობა ტრაგიკული აღმოჩნდა. ნობელის უმცროსი ძმა და რამდენიმე თანამშრომელი დაიღუპა ქარხანაში საცდელი აფეთქების დროს.
ალფრედ ნობელს ხშირად საყვედურობდნენ, რომ მან უზარმაზარი სიმდიდრე სიკვდილის იარაღის გამოგონებითა და წარმოებით დააგროვა. ნობელი კრიტიკოსებს პასუხობდა: „მე პაციფისტი ვარ. მე ადამიანებს მივეცი გამანადგურებელი იარაღი. ასე ადამიანები დარწმუნდებიან, რომ ბრძოლა უაზრობაა. ომის შემთხვევაში ორივე მხარე დაიღუპება“.
ერთხელ ერთმა უცნაურმა შეცდომამ ნობელის ცხოვრება შეცვალა. 1888 წელს ფრანგულმა გაზეთმა შეცდომით გამოაქვეყნა ცნობა ნობელის სიკვდილის შესახებ. ცნობაში მას დინამიტის გამოგონებისთვის სასტიკად კიცხავდნენ. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გადაწყვიტა ნობელმა თავისი ქონების საზოგადოებისათვის დატოვება.
ნობელის ანდერძი
„მე,ალფრედ ბერნჰარდ ნობელი, ვაცხადებ ჩემს საბოლოო ანდერძს. მთელი ჩემი ქონებისგან დააარსეთ ფონდი. ამ ფონდიდან მიღებული პროცენტები გაანაწილეთ პრემიების სახით.
პრემიებს მიიღებენ ის ადამიანები, რომლებმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს ადამიანებისათვის სასარგებლო საქმეში. პრემია უნდა გაიყოს ხუთ ტოლ ნაწილად. ერთი ნაწილი მიეკუთვნება მას, ვინც ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა ან გამოიგონა ფიზიკის დარგში; მეორე ნაწილი – მას, ვინც განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ქიმიის დარგში; მესამე ნაწილი ეკუთვნის მას, ვინც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში; მეოთხე ნაწილი ეკუთვნის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოების ავტორს. მეხუთე ნაწილი კი მშვიდობის ხელშეწყობისათვის გაიცემა.
დაბეჯითებით ვითხოვ, რომ პრემიები ყველაზე ღირსეულმა მიიღოს. არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნებისაა ადამიანი. ეს ანდერძი საბოლოოა და აუქმებს ყველა წინა ანდერძს, თუ რომელიმე გამოჩნდება სიკვდილის შემდეგ“.
ალფრედ ბერნჰარდ ნობელი – პარიზი, 27 ნოემბერი, 1895 წ
ნობელის პრემია
ნობელის პრემია შედგება ოქროს მედლისაგან, რომელზეც გამოსახულია ნობელი. ჯილდოს ნაწილია ასევე დიპლომი და პრემიისთანხა.ნობელის პრემიით 1901 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ჯილდოვდებიან. ამ ადამიანებს ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ფიზიკის, ქიმიის, მედიცინის, ლიტერატურისა და მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში. ნობელის პრემია 1895 წელს ალფრედ ნობელის ანდერძის მიხედვით დაწესდა. ნობელმა თავისი სოლიდური ქონება ნათესავებს არ დაუტოვა. მან გადაწყვიტა, რომ ყველაფერი საზოგადოებრივი საქმიანობისათვის გაეღო. მშვიდობის დარგში პრემია გაიცემა ერების დამეგობრების, მონობის მოსპობის, არმიების შემცირების ხელშეწყობისთვის. ნობელი მშვიდობის დამყარებისთვის წვლილის შეტანად სამშვიდობო კონფერენციებსაც მიიჩნევდა.
ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი იმართება ყოველი წლის 10 დეკემბერს. ამ დღეს ნობელი გარდაიცვალა. ეს დღე გამოცხადებულია ნობელის დღედ.
ნობელმა გაითვალისწინა, რომ მიღწევების შეფასება რთული იყო. მან თავის ანდერძში ყველა დარგისთვის განსაკუთრებული კომისია დაასახელა. ფიზიკოსებსა და ქიმიკოსებს პრემიას ანიჭებს შვედეთის მეცნიერებათა აკადემია. მედიცინაში პრემიას ანიჭებს კაროლინის ინსტიტუტი. ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პრემიას სტოკჰოლმის აკადემია ანიჭებს. მშვიდობისათვის ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის პრემიას კომიტეტი ანიჭებს. ეს კომიტეტი ხუთი ადამიანისგან შედგება. კომიტეტს ნორვეგიის პარლამენტი ირჩევს.
ნობელიანტები
ნობელის სურვილის მიხედვით, პრიზის ნომინანტი ხუთ კატეგორიაში უნდა გამოვლინდეს. თუ რომელიმე წელს არც ერთი ნაშრომი და მიღწევა არ დაიმსახურებს ნობელის პრემიას, მაშინ განკუთვნილი ფულადი ჯილდო შემდეგ წელიწადზე გადადის. ნობელი არც პრემიის გაცემის რაოდენობასზღუდავს. ნებისმიერ დარგში შეიძლება, რომ ორი და მეტი ნობელიანტი გამოვლინდეს.
თომას მანი
ნობელიანტთა შორისაა ისეთი ცნობილი სახელები, როგორებიცარიან ფიზიკოსები და ქიმიკოსები - პლანკი, აინშტაინი, ლანდაუ და ა.შ. მედიცინის დარგში - რობერტ კოხი და პავლოვი. ლიტერატურის დარგში - რომენ როლანი, თომას მანი და ა.შ.
ნობელიანტი ქალები
მიუხედავად ნობელის 300-ზე მეტი გაცემული ჯილდოსი, 1901 წლიდან 2011 წლამდე მხოლოდ 43 ქალი გახდა ნობელის პრემიის მფლობელი. აქედან ერთ-ერთი - მარი კიური - ორჯერ დაჯილდოვდა ნობელის პრემიით. 1903 წელს მან ფიზიკაში შეტანილი წვლილისათვის მიიღო ნობელის პრემია. 1911 წელს კი - ქიმიაში.
საინტერესოა, რომ ყველაზე მეტი ნობელიანტი ქალი მშვიდობის ხელშეწყობის საქმეშია.
მათ შორის გამორჩეულია დედა ტერეზა, რომელიც 1979 წელს გახდა ნობელიანტი.