მსოფლიოს 10 საუკეთესო მუზეუმი

 

მსოფლიოში ბევრი მუზეუმი და გალერეაა. მუზეუმი შეიძლება იყოს დიდი ან პატარა. ზოგ მუზეუმში ძველი ნივთებია გამოფენილი, ზოგში - თანამედროვე. მუზეუმი სხვადასხვა სახის არსებობს, მაგალითად: ხელოვნების მუზეუმი, თოჯინების მუზეუმი, არქეოლოგიური მუზეუმი და სხვა. მუზეუმებში ბევრი საინტერესო ნივთი ინახება. მათი დათვალიერება ყველას შეუძლია. ზოგიერთი მუზეუმი ნაკლებად ცნობილია, ზოგი კი - ძალიან ცნობილი. ჩვენ ამ წიგნში ათი ყველაზე ცნობილი მუზეუმისა და გალერეის შესახებ მოგიყვებით. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მდებარეობენ.

 

სმითსონისინსტიტუტი

ყველაზე ცნობილ მუზეუმებს შორის პირველ ადგილს სმითსონის ინსტიტუტი იკავებს. სმითსონის ინსტიტუტში ერთიანდება 19 მუზეუმი და გალერეა. სმითსონის ინსტიტუტი ვაშინგტონში მდებარეობს. მის მუზეუმებში წარმოდგენილია ნივთები, რომლებიც ამერიკის ისტორიას ასახავს. სმითსონის ინსტიტუტს აქვს საკუთარი ზოოლოგიური პარკი და ობსერვატორია. ზოოლოგიურ პარკში უამრავი სხვადასხვა ჯიშის ცხოველი ბინადრობს. ობსერვატორიაში ასტროლოგები ციურ სხეულებს აკვირდებიან. სმითსონის ინსტიტუტი არქეოლოგიურ გათხრებსაც ხელმძღვანელობს. გათხრების დროს ნაპოვნი ნივთები სმითსონის მუზეუმებს ამდიდრებს.

სმითსონის ინსტიტუტი 1846 წელს დაარსდა. მას სახელი ამერიკელი მეცნიერის ჯეიმს სმითსონის პატივსაცემად უწოდეს.

 

სმითსონის ინსტიტუტი

 

ლუვრი

ლუვრი

ლუვრი მსოფლიოში ცნობილი მუზეუმია. ლუვრი პარიზის შუაგულში მდებარეობს. აქ წლების განმავლობაში საფრანგეთის მეფეები და მათი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. დღეს ლუვრის სასახლე მუზეუმია და ყოველწლიურად მილიონობით მნახველს იღებს. 2011 წელს ლუვრს ყველაზე მეტი მნახველი ეწვია. მათმა რიცხვმა 8, 8 მილიონს მიაღწია.

მუზეუმში სხვადასხვა დროისა და კულტურის ექსპონატები ინახება. აქ შეხვდებით უძველეს ეგვიპტურ, ეტრუსკულ და ბერძნულ ქანდაკებებს, საოჯახო ნივთებს, ძვირფასეულობას და ცნობილი მხატვრების ტილოებს. მუზეუმში სულ 300 000 სამუზეუმო ექსპონატი ინახება. თუმცა გამოფენილია მხოლოდ 35000. დანარჩენი ექსპონატები მუზეუმის საცავებში ინახება. ისინი წელიწადში მხოლოდ რამდენიმე თვით გამოაქვთ და მნახველს მათი დათვალიერების საშუალება ეძლევა.

ლუვრის მუზეუმში ინახება ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ტილო „მონა ლიზა“. მუზეუმის ყველაზე ცნობილი ქანდაკებაა ვენერა მილოსელის ქანდაკება.

ლუვრის მუზეუმის ფონდის შევსება საფრანგეთის სამეფო კარის ქონებიდან დაიწყო. მეფეები ხშირად ყიდულობდნენ ცნობილ ნახატებსა და ძვირფას ანტიკვარულ ნივთებს. ხანდახან მათ საჩუქრადაც იღებდნენ. მთელი ეს ქონება ლუვრის მუზეუმის საკუთრება გახდა.

გარდა ამისა, ნაპოლეონ ბონაპარტეს დროს, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოიტანეს ომის შემდეგ მოპოვებული ნადავლი: ქანდაკებები, ტილოები, ძვირფასი სამკაულები. მეოცე საკუნის ბოლოს კოლექციონერმა როტშილდმა მუზეუმს თავისი ანტიკვარების კოლექცია საჩუქრად გადასცა. დღეს ლუვრი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მუზეუმია.

 

ათენის აკროპოლისის მუზეუმი

ათენის აკროპოლისი

აკროპილისის მუზეუმი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მდებარეობს. მუზეუმში მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური ნივთი, იშვიათი ბერძნული სამკაულები, უძველესი საოჯახო იარაღები და ულამაზესი ქანდაკებები ინახება.

აკროპოლისის მუზეუმი აგებულია ათენის აკროპოლისის დაბლა. ეს სახელი მას მდებარეობის გამო დაარქვეს.

საერთოდ, აკროპოლისი მაღლობზე გაშენებულ ქალაქს ნიშნავს. აკროპოლისი ბერძნული სიტყვაა. „აკროს“ ქართულად ნიშნავს ზედას, „პოლის“ - ქალაქს. აკროპოლისი ძველ საბრეძნეთში ქალაქიც იყო და ციხესიმაგრეც. რადგან ის შემაღლებულ ადგილზე მდებარეობდა, მტრისგან დაცული იყო. აკროპოლისში ცხოვრება ბევრად უფრო კარგი იყო, ვიდრე ქვედა ქალაქში. ის ქალაქის ცენტრი იყო. აკროპოლისები საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქშია. ყველაზე ცნობილი ათენის აკროპოლისია. ათენის აკროპილისში მდებარეობს ათენას ცნობილი ტაძარი და აკროპოლისის მუზეუმი. მუზეუმი ააგო არქიტექტორმა ბერნარდ ჩუმმა. ყოველწლიურად ათენში ჩამოსული ათასობით ტურისტი ნახულობს მუზეუმსა და ათენას ტაძარს.

 

ერმიტაჟის მუზეუმი

ერმიტაჟი

ერმიტაჟი ულამაზესი სასახლეა, სადაც ადრე რუსეთის მეფეები ცხოვრობდნენ. დღეს ერმიტაჟში მსოფლიოს ცნობილი მხატვრების ნახატები, რუსული ანტიკვარული და სამეფო ნივთებია წარმოდგენილი. აქ თქვენ ნახავთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილ ცნობილ ნახატებს, ძვირფას სარკეებსა და ოქროს ნაკეთობებს.

ერმიტაჟის მუზეუმი სანკტ-პეტერბურგში მდებარეობს. მუზეუმი ექვსი ძირითადი სასახლისგან შედგება. სასახლეები მდინარე ნევას გადმოჰყურებენ, მათი ფანჯრებიდან კი სანკტ-პეტერბურგის ულამაზესი ხედი იშლება.

ერმიტაჟი

ერმიტაჟის მუზეუმის შექმნას რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე დიდმა ჩაუყარა საფუძველი. მან ელჩებს დაავალა, უცხოეთში ანტიკვარული ნივთების კოლექციები შეეძინათ და პეტერბურგში ჩამოეტანათ. ასე დაიწყო სამუზეუმო ექსპონატების მოგროვება.

მუზეუმის კოლექცია სამხრეთ რუსეთში, არქეოლოგების ნაპოვნმა ბერძნული და სკვითური კულტურის ნივთებმაც გაამდიდრა. 1945 წელს კი რუსეთის „წითელმა არმიამ“ ბერლინის მუზეუმიდან რუსეთში უდიდესი ოქროს კოლექცია ჩამოიტანა. ოქროს კოლექცია გერმანელმა არქეოლოგმა შლიმანმა აღმოაჩინა. ეს კოლექცია ისტორიულ ქალაქ ტროას ეკუთვნოდა და დღეს ერმიტაჟშია გამოფენილი.

მალე მუზეუმის შენობამ ექსპონატები ვეღარ დაიტია და რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა გერმანელ არქიტექტორს ახალი სასახლე ააგებინა, სადაც სხვადასხვა კოლექცია გამოფინეს.

საბჭოთა კავშირის არსებობის დროს ერმიტაჟის მუზეუმისათვის ნივთების შეძენა შეწყდა. უფრო მეტიც, მუზეუმიდან ბევრი ძვირფასი ნივთი გაიყიდა. ამ დროს გაიყიდა რაფაელის „მადონა ალბა“, ტიციანის „ვენერა სარკით“ და ვან ეიკის „სახარება“. ეს ნახატები ამერიკელმა კოლექციონერმა იყიდა და დღეს ვაშინგტონის სამხატვრო გალერეაშია გამოფენილი. 2002 წელს ერმიტაჟში დოკუმენტური ფილმი „რუსული არკა“ გადაიღეს. ფილმში ნაჩვენებია ერმიტაჟის მუზეუმის ექსპონატები და მოთხრობილია მათი ისტორიების შესახებ.

 

ბრიტანეთის მუზეუმი

ბრიტანეთის მუზეუმი მსოფლიოს უძველესი მუზეუმია. ის ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მდებარეობს. ბრიტანეთის მუზეუმი ადამიანის ისტორიისა და კულტურის ყველაზე მნიშვნელოვან მუზეუმად ითვლება. ადამიანის არსებობის და განვითარების მთელი ისტორია ამ მუზეუმშია თავმოყრილი. მუზეუმი დაარსდა 1753 წელს. თავდაპირველად მუზეუმში მხოლოდ ინგლისელი ფიზიკოსის ჰანს სლოანის კოლექცია იყო განთავსებული. მუზეუმს შემდეგ რამდენიმე სხვა კოლექციაც შეემატა. საზოგადოებისათვის ბრიტანეთის მუზეუმი 1759 წელს გაიხსნა. მას დღემდე ათასობით მნახველი ჰყავს.

ბრიტანეთის მუზეუმი

 

პრადოს მუზეუმი

194 წლის წინ, ესპანეთის ქალაქ მადრიდში ერთ-ერთ ულამაზეს სასახლეში ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა. სასახლე გვიანდელი ესპანური კლასიცისტური სტილითაააგებული.

მუზეუმს პრადოს სახელი უწოდეს. პრადო მუზეუმთან მდებარე პარკს ჰქვია, მუზეუმსაც ამ პარკის სახელი დაერქვა.

„პრადო“ ესპანური სიტყვაა და ქართულად „მინდორს, ველს“ ნიშნავს.

პრადოს მუზეუმში გამოფენილია მე-14 - მე-19 საუკუნეების ხელოვნების უძვირფასესი ნიმუშები. აქ ნახავთ ტიციანის, რაფაელის, გოიას, რემბრანდტის, ველასკესისა და სხვა ცნობილი მხატვრების ტილოებს.

თურმე ველასკესმა თავისი ნახატების დიდი ნაწილი პრადოს მუზეუმს საჩუქრად გადასცა.

ესპანეთის დედოფლები და მეფეები წლების განმავლობაში გულმოდგინედ აგროვებდნენ ცნობილი მხატვრების ნახატებს და მუზეუმს ჩუქნიდნენ.

დღეს მადრიდის პრადოს მუზეუმი მსოფლიოში უმდიდრესი ხელოვნების მუზეუმია.

 

 

პრადოს მუზეუმი

 

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი

მანჰეტენზე, ნიუ-იორკში, მსოფლიოში ცნობილი მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი მდებარეობს. ეს მუზეუმის მთავარი შენობაა. მუზეუმს აგრეთვე ეკუთვნის მანჰეტენის ჩრდილოეთით მდებარე შენობათა კომპლექსი. ამ შენობებში შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი.

 

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი

მუზეუმი 1872 წელს გაიხსნა. მისი დამფუძნებელია ჯორჯ პალმერ პატნემი. მუზეუმს მრავალფეროვანი კოლექცია აქვს. აქ წარმოდგენილია როგორც ევროპული ხელოვნების ნიმუშები, აგრეთვე ძველი ბერძნული, ეგვიპტური ხელოვნების ექსპონატები. მუზეუმში დიდი ადგილი აქვს დათმობილი ამერიკულ, აზიურ და აფრიკულ ხელოვნების ნიმუშებსაც.

მუზეუმის ყველაზე ცნობილი ექსპონატია გერმანელი მხატვრის, ალბრეხტ დიურერის „ადამი და ევა“. ხოლო ყველაზე ძვირადღირებული ტილოა დუჩის „მადონა ყრმით“. ეს ნახატი მუზეუმს 45 მილიონი დოლარი დაუჯდა.

 

ვატიკანის მუზეუმები

არცერთ ქალაქში არ არის იმდენი მუზეუმი, რამდენიც ვატიკანში. მუზეუმები მე-16 საუკუნეში რომის პაპმა იულიუს მეორემ დააარსა.

ვატიკანი

ვატიკანი

ვატიკანის მუზეუმებიდან ყველაზე ცნობილია პიო-კლემენტინოს მუზეუმი, რომელიც ბელვედერის სასახლეში მდებარეობს. პიო-კლემენტინოს მუზეუმში წარმოდგენილია ცნობილი ბერძნული და რომაული ხელოვნების ნიმუშები: ქანდაკებები, მოზაიკა და სხვა.

მუზეუმებით მდიდარია რომის პაპის სასახლეც. მუზეუმები გახსნილია ვატიკანის ბიბლიოთეკებშიც. 2007 წელს ვატიკანის მუზეუმებს ყველაზე მეტი, 5 მილონამდე მნახველი ჰყავდა.

 

უფიცების გალერეა

უფიცების გალერეა იტალიის ულამაზეს ქალაქ ფლორენციაში მდებარეობს. გალერეა არქტიტექტორმა ჯორჯო ვაზარიმ ააგო. უფიცების გალერეა განთვსებულია ორ სასახლეში. მათ პატარა ვიწრო ეზო აერთიანებთ. ეს ეზო გალერეის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეზოში წარმოდგენილია ცნობილ ხელოვანთა ქანდაკებები.

 

უფიცების გალერეა

უფიცების გალერეისთვის კოლექციის შეგროვება მედიჩების სამეფო ოჯახმა დაიწყო, კოლექციის შეძენა დღემდე გრძელდება. უფიცების გალერიის ყველაზე ცნობილი ექსპონატია ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“.

 

ამსტერდამის სახელმწიფო მუზეუმი

ამსტერდამის სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატები უმთავრესად ასახავს ნიდერლანდების ისტორიას. მუზეუმის სტუმარს შეუძლია ნახოს ნიდერლანდელი მხატვრების ტილოები, ხელით ნაკეთი ხელოვნების ნიმუშები, ნიდერლანდების ისტორიული არტეფაქტები და სხვ.

ამსტერდამის მუზეუმი

მცირე რაოდენობით ასევე წარმოდგენილია აზიური ანტკივარული ნივთები და ხელოვნების ნიმუშები. მუზეუმს აქვს საკუთარი ბიბლიოთეკა და ჩართულია კვლევით სამუსაოებში.

მუზეუმის ყველაზე ცნობილი ნახატია რემბრანდტის „ღამის გუშაგი“.

 

ბოლოსიტყვაობა

მუზეუმი ასახავს ადამიანის შემოქმედებას. მუზეუმები და გალერეები საზოგადოების განვითარებისათვის არსებობენ. მუზეუმი ასწავლის, განათლებას და სიამოვნებას ანიჭებს ხელოვნებისა და ისტორიის მოყვარულ ადამიანებს.