იგუასუ


 

იგუასუს ჩანჩქერი სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარეობს. იგი ორი ქვეყნის არგენტინისა და ბრაზილიის მიწებზეა, თუმცა მისი უდიდესი ნაწილი არგენტინას ეკუთვნის. იგუასუს ჩანჩქერი 20 დიდი და 255 პატარა ჩანჩქერისაგნ შედგება. იგი მდინარე იგუასუზე მდებარეობს.

 

იგუასუ ადგილობრივ ენაზე „დიდ წყალს“ ნიშნავს და ეს ჩანჩქერი მართლაც ამართლებს ამ სახელწოდებას. ზოგიერთი ჩანჩქერიდან წყალი 84 მეტრი სიმაღლიდან ვარდება. ყველაზე პატარას სიმაღლე კი 64 მეტრია. იგუასუ ნიაგარას ჩანჩქერზე გაცილებით დიდია, თუმცა უფრო პატარაა, ვიდრე ვიქტორიას ჩანჩქერი. ყველა ჩანჩქერს თავისი სახელი აქვს, მაგალითად, „ადამი და ევა“, „ორი და“ ,“ სამი მუშკეტერი“, „ეშმაკის ყელი“ და ა.შ. 1984 წლიდან იგუასუს ჩანჩქერი და მის ნაპირებზე გაშენებული ეროვნული პარკები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. გარდა იმისა, რომ იგუასუს ჩანჩქერს არგენტინის მთავრობა და მოსახლეობა უფრთხილდება და იცავს, მასზე უკვე იუნესკოც ზრუნავს.

 

ლეგენდა იგუასუს წარმოქმნის შესახებ

სამხრეთ ამერიკული უძველესი ტომების მითოლოგიამ შემოინახა მითი იგუასუს ჩანჩქერის გაჩენის შესახებ. იგი თურმე ბოროტი და ძალიან ძლიერი ღმერთის ბოის სიბრაზისა და ეჭვიანობის შედეგად გაჩნდა. ბოის ერთი ძალიან ლამაზი გოგონა უყვარდა და მასზე დაქორწინება უნდოდა, მაგრამ გოგონას არ უყვარდა ბოროტი ღმერთი. იგი თავის მომაკვდავ შეყვარებულთან ერთად გაიქცა. შეყვარებულებმა გასაქცევ გზად მდინარე აარჩიეს და კანოეთი გაცურეს. როცა ეს ღმერთმა გაიგო საშინლად გაბრაზდა. თავისი დიდი შუბი აიღო და მდინარე იგუასუს დაჰკრა. იმ ადგილას თვალის დახამხამებაში გაჩნდნენ ჩანჩქერები. როდესაც შეყვარებულები ჩანჩქერის კიდეს მიადგნენ, კანოე ჩანჩქერზე გადავარდა და ორივე წყალში დაიღუპა. ჩანჩქერი კი დღესაც არსებობს და შეყვარებულების ამბავს ინახავს.

 

იგუასუზე გადაღებული ფილმები

2007 წელს ჩანჩქერ იგუასუზე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „დედამიწის უდიდესი ჩანჩქერები“. ფილმის რეჟისორია ქრისტიან ბაუმაისტერი.

ყველასათვის კარგად ცნობილი ფილმის „ინდიანა ჯონსი და ბროლის თავის ქალის სამეფოს“ (2008) ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ ჩანჩქერ იგუასუზეა გადაღებული, სადაც ფილმის გმირები ჩანჩქერიდან ხტებიან.

ჯეიმს ბონდის ფილმების მეოთხე სერია „მუნრეიკერი ანუ მკაცრად გასაიდუმლოებულიც“ ამ ჩანჩქერზეა გადაღებული. ფილმის ფინალურ ეტაპზე ჯეიმს ბონდი ჩანჩქერიდან ხტება.