ქართული ჭიდაობა

 

ქართველი მოჭიდავეები

ქართველი მოჭიდავეები

ქართული ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა. ჭიდაობა ბევრ ქვეყანაში არსებობს, თუმცა ქართული ჭიდაობა მათგან განსხვავებულია. განსაკუთრებით საინტერესოა ქართული ჭიდაობის ძველებური სტილი, ის მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც უფრო სანახაობრივს ხდის ამ სპორტს.

 

ჭიდაობის განვითარების ისტორია

ადრე ჭიდაობა ძირითადად სოფლებში, საერო და საეკლესიო დღესასწაულებზე იმართებოდა. ვინაიდან საქართველო მტრის შემოსევებს ყოველთვის განიცდიდა, ქართველები ცდილობდნენ, მტერს ფიზიკურად მომზადებულები, ძლიერები დახვედროდნენ. ჭიდაობაც ბრძოლისათვის მომზადების ერთ-ერთი საშუალება იყო. შედარებით გვიან, მე-15 - მე-17 საუკუნეებში ჭიდაობა მთელ საქართველოში გავრცელდა. ხალხი სიამოვნებით უყურებდა სპორტის ამ სახეობას.

ჭიდაობის პოპულარობის გამო, საქართველოს ქალაქებში აშენდა საჭიდაო მოედნები. აქ ჭიდაობდნენ როგორც ცნობილი ქართველი მოჭიდავეები, ასევე ინდოეთიდან, თურქეთიდან, ფინეთიდან და იაპონიიდან ჩამოსული ფალავნები.

ქართული ჭიდაობა წესების დაცვით იმართებოდა. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა ილეთების მრავალფეროვნებით. ჭიდაობის უმთავრესი წესი იყო, რომ წაქცეულ მეტოქესთან ბრძოლა წყდებოდა. ხელის კვრა, ხელის ყელთან მოჭერა და ყველანაირი უხეში მოპყრობა ქართულ ჭიდაობაში სასტიკად აკრძალული იყო.

ქართული ჭიდაობა

ქართული ჭიდაობა

სპორტის ეს სახეობა ძირითადად დღესასწაულებზე იმართებოდა. ამ ფაქტის გამო, ჭიდაობაზე ყოველთვის ისმოდა მუსიკის ხმა. ქართული ჭიდაობა წარმოუდგენელი იყო ზურნისა და დოლის თანხლების გარეშე. მუსიკა ქმნიდა რიტმს. ამ რიტმს ეწყობოდა მოჭიდავეთა მოძრაობებიც. თითოეული მიხვრა-მოხვრა მუსიკის თანხლებით და მისი ტემპის შესაბამისად სრულდებოდა. ქართული ჭიდაობა, ერთი შეხედვით, ცეკვას ჰგავდა და ძალიან ლამაზი სანახავი იყო.

 

ჭიდაობა თანამედროვე საქართველოში

ჭიდაობა საქართველოში დღესაც ძალიან პოპულარულია. მოჭიდავეები გამოდიან საჭიდაო დარბაზებში. ემზადებიან ოლიმპიური თამაშებისათვის. საქართველოს ძალიან ბევრი ცნობილი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს ჭიდაობაში. დღესასწაულებზე ქართული ჭიდაობის გამართვა საქართველოში დღემდე ტრადიციად რჩება. ყოველწლიურად, შემოდგომაზე, როდესაც თბილისობის დღესასწაულს აღნიშნავს ხალხი, ქართული ჭიდაობა ერთ-ერთი საინტერესო სანახაობაა.