დავითი და გოლიათი


 

ერთ ქალაქში ცხოვრობდა ერთი მოხუცი კაცი იესე. მას ბევრი შვილი ჰყავდა. ყველაზე უმცროსს დავითი ერქვა. იგი მამას ცხვარში ჰყავდა გაგზავნილი მწყემსად.

ერთხელ ის საშინელ და ბოროტ მტერს - გოლიათს შეებრძოლა.

ეს ამბავი ასე მოხდა: მამამ დავითი უფროსი შვილების ამბის გასაგებად გაგზავნა: დავითის ძმები ჯარში იყვნენ. გოლიათი შიშის ზარს სცემდა მთელ ჯარს. მასთან ბრძოლას კი ვერც¬ერთი ვაჟკაცი ვერ ბედავდა. გოლიათი დასცინოდა მათ. ეს რომ დავითმა გაიგო, თქვა:

 

„მე შევებრძოლები გოლიათსო“.

ამ ქვეყნის მეფეს საული ერქვა. საულმა დაიბარა დავითი და რომ შეხედა, უთხრა:

„შენ როგორ შეძლებ ამ გოლიათთან ბრძოლას, შენ ჯერ ბავშვი ხარ, ის კი ძლიერი და ბოროტი მებრძოლიო“.

დავითმა უპასუხა:

 

„ბატონო, მე მეცხვარე ვარ. როცა ლომი ან დათვი მომტაცებს ხოლმე ცხვარს, დავეწევი და პირიდან გამოვტაცებ. ღმერთი მეხმარება ხოლმე... ახლაც ღმერთი დამეხმარება გოლიათის დამარცხებაშიო“.

მეფემ მსახურებს უბრძანა: „დავითს რკინის ქუდი დაახურეთ, ჯაჭვის პერანგი ჩააცვით და ხმალი მიეცითო“. დავითმა გაიარ-გამოიარა და თქვა: „არა, ასე მე ვერ ვიბრძოლებო!“ – გაიხადა საომარი ტანისამოსი, ჩაიცვა საკუთარი უბრალო პერანგი, გაავსო პარკი ქვებით, დაიჭირა შურდული და გავიდა გოლიათთან საბრძოლველად.

გოლიათმა რომ დაინახა უიარაღოდ გამოსული პატარა მოწინააღმდეგე, დაუძახა: „ქვებით და ჯოხით მოდიხარ ჩემთან?! ძაღლი ხომ არ ვარ, რომ მაგით შემაშინო?! მოდი ახლოს და ახლავე გაგსრესო!“.

დავითმა უპასუხა: „შენ შეიარაღებული ხარ ხმლითა და ფარით, მე კი მოვდივარ ღვთის ძალით შეიარაღებული. ყველა დაინახავს, რომ ღმერთი ეხმარება კეთილ ადამიანებსო!“

როცა გოლიათი მიუახლოვდა დავითს, მან ისე მძლავრად ესროლა ქვა შურდულით, რომ შუბლი გაუტეხა და გოლიათი მიწაზე დაეცა. დავითმა მიირბინა და მისივე ხმლით გოლიათს თავი მოაჭრა.

ამის შემდეგ მეფე საულმა დავითი ჯარის უფროსად დანიშნა.